პარხად მამედოვი - თუ რუსეთის სამშვიდობოები ყარაბაღიდან სომხურ სამხედრო ფორმირებებს არ გაიყვანენ, ჩვენ წერტილოვანი დარტყმებით დავიწყებთ ქვეყნის ტერიტორიის უკანონო სომხური ფორმირებებისგან გაწმენდას

მართლა გაიყვანა თუ არა რუსეთმა მთიანი ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოები, რა ვითარებაა ყარაბაღში, მათ შორის ყარაბაღის მთიან ნაწილში, სადაც სომხური მოსახლეობა ცხოვრობს, “ინტერპრესნიუსი“ აზერბაიჯანელ პოლიტოლოგს, სტრატეგიული კვლევების ცენტრის ყოფილ დირექტორს, პარხად მამედოვს ესაუბრა.

- ბატონო პარხად, კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, მოსკოვმა ყარაბაღის ტერიტორიის მთიანი ნაწილიდან, სადაც სომხური მოსახლეობა ანკლავად ცხოვრობს, დაიწყო რუსი სამშვიდობოების გაყვანა, რომლებიც უკრაინაში იქნენ გაგზავნილი.

თქვენი ინფორმაციით, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, რომ რუსებმა ყარაბაღის მთიანი ნაწილიდან თავისი სამშვიდობიები გაიყვანეს?

- ოფიციალურ დონეზე არ დადასტურდა ინფორმაცია მთიანი ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ. იქ მყოფი რუსი სამშვიდობოების 1900 კაციან კონტინგენტში რიცხობრივი ცვლილება არ მომხდარა.

სამშვიდობო ძალებში პერიოდულად ხდება პირადი შემადგენლობის როტაცია. 6 თვეში ერთხელ სამშვიდობოების გარკვეული რაოდენობა იქიდან გამოდის და იმდენივეთი ივსება.

ოფიციალურ დონეზე არ დადასტურდა ინფორმაცია მთიანი ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ. იქ მყოფი რუსი სამშვიდობოების 1900 კაციან კონტინგენტში რიცხობრივი ცვლილება არ მომხდარა

2020 წლის 10 ნოემბრის პუტინ-ალიევ-ფაშინიანის სამმხრივი განცხადებით ყარაბაღის მთიან ნაწილში არ შეიძლება იყოს მძიმე ტექნიკა, ტანკები და არტილერია. მათ არ აქვთ იმ ტიპის შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც საომარი მოქმედებების დროს შეიძლება იყოს გამოყენებული. მათ არ აქვთ სამხედრო ბაზა, იქ არ არის ასევე ავიაცია, არის მხოლოდ პირადი შემადგენლობა, ბრონიტრანსპორტიორები და ასევე ბრონირებული ავტომობილები.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა ძალებამ გარკვეული მოძრაობები გააკეთეს ყარაბაღის მთიანი ნაწილის, ანუ სომხური ანკლავის დასახლების მიმართულებით, ასევე ლაჩინის კორიდორის მიმართულებით.

რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

- ამ თემაზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ძალების გადაადგილება გახლდათ დისლოკაციის იმ ადგილების დაზუსტება, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმებით. სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა შენაერთებმა წინ წაიწიეს.

2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების პირველ პუნქტში საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალები რჩებიან იმ პოზიციებზე, რომლებზეც ისინი იყვნენ. წელიწადნახევარი მიმდინარეობდა პოზიციების დისლოკაციის დაზუსტება. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სომხური ძალები ხშირად გვერდს უვლიდნენ თავის პირვანდელ პოზიციებს.

სომხური მხარე იყენებს ტერმინს - რუსი სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონა. შეთანხმებაში ასეთი ცნება საერთოდ არ წერია, რადგან სამშვიდობოებს ასეთი მანდატი არ აქვთ, და არ აქვთ განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც მათი პასუხისმგებლობის ზონაა. იმავე შეთანხმებაში წერია, რომ მხოლოდ ლაჩინის კორიდორის გზა არის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ზონა. იქ არანაირი პრობლემები არაა.

იმავე შეთანხმების მე-4 პუნქტში წერია, რომ რუსი სამშვიდობოები იმის პარალელურად იქნებიან გაყვანილი, რაც ყარაბაღიდან გავლენ სომხური სამხედრო ფორმირებები. არაა დაზუსტებული, რომელ ტერიტორიაზეა საუბარი და რა ფარგლებშია ეს ტერიტორია.

ამიტომ, აზერბაიჯანის ოფიციალურ დოკუმენტებში წერია - აზერბაიჯანის ტერიტორია, რომელზეც დროებით არიან განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები. ესაა მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანული მხარე არ ცნობს ტერმინს - რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა.

აზერბაიჯანმა კატეგორიულად დააყენა საკითხი ყარაბაღის მთიანი ნაწილიდან სომხური სამხედრო დანაყოფის აზერბაიჯანიდან გაყვანის შესახებ. ბაქო ღიად აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე არ აპირებს თავის ტერიტორიაზე შეეგუოს სხვა ქვეყნის ფინანსებით არსებულ სამხედრო ფორმირებების არსებობას.

აზერბაიჯანმა კატეგორიულად დააყენა საკითხი ყარაბაღის მთიანი ნაწილიდან სომხური სამხედრო დანაყოფის აზერბაიჯანიდან გაყვანის შესახებ. ბაქო ღიად აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე არ აპირებს თავის ტერიტორიაზე შეეგუოს სხვა ქვეყნის ფინანსებით არსებულ სამხედრო ფორმირებების არსებობას

თუ რუსეთის სამშვიდობოები ყარაბაღიდან სომხურ სამხედრო ფორმირებებს არ გაიყვანენ, ჩვენ წერტილოვანი დარტყმებით დავიწყებთ ქვეყნის ტერიტორიის უკანონო სომხური ფორმირებებისგან გაწმენდას

- ყარაბაღის მთიან ნაწილში მყოფ სომხურ ფორმირებებში დაახლოებით რამდენი სამხედრომოსამსახურეა?

- ჩვენი ვარაუდით ყარაბაღში სომხურ სამხედრო ფორმირებებში დღეისათვის რამდენიმე ათასი ჯარისკაცია. მათ ბევრი არა, მაგრამ ტანკებიც და საარტილერიო სისტემებიც ჰყავთ. მაგრამ, ჩვენ ამას ყველაფერს ვაკონტროლებთ ციდან.

ყარაბაღში სომხურ სამხედრო ფორმირებებში დღეისათვის რამდენიმე ათასი ჯარისკაცია. მათ ბევრი არა, მაგრამ ტანკებიც და საარტილერიო სისტემებიც ჰყავთ. მაგრამ, ჩვენ ამას ყველაფერს ვაკონტროლებთ ციდან

სხვათა შორის, ყარაბაღის თავზე ცა სრულად აქვს დახურული აზერბაიჯანს და მას აზერბაიჯანული ძალები აკონტროლებენ.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას უკავშირდება ხმაური, რომლის თანახმადაც რუსებმა ყარაბაღიდან სამშვიდობოები გაიყვანეს და უკრაინაში გაგზავნეს?

- არავის, ვინც ადგილზეა არ დაუდასტურებია ყარაბაღში მყოფი რუსი სამშვიდობოების გასვლა და მით უმეტეს უკრაინაში გამგზავრება.

რაც შეეხება როტაციას, იგი ყოველი 6 თვეში სულ ხდება და რეგულარულად გაჰყავთ 500 ცისფერჩაფხუთიანი და ამდენივე შემოჰყავთ.

- რა ვითარებაა ყარაბაღში საერთოდ და ყარაბაღის იმ ნაწილში, სადაც სომხური მოსახლეობა ცხოვრობს?

- ყარაბაღის მთიან ნაწილში, სადაც სომხური მოსახლეობა ცხოვრობს ჯერ კიდევ არიან სომხური სამხედრო ფორმირებები, რასაც აზერბაიჯანი აპროტესტებს. ეს ტერიტორია მთლიანად სომხეთის რესპუბლიკის უზრუნველყოფაზე იმყოფება.

ერევანი ყარაბაღის მთიან ნაწილში მცხოვრები სომხური მოსახლეობის შესანახად ყოველთვიურად 28 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს ფული იხარჯება იმისათვის, რომ მოსახლეობამ იქაურობა არ დატოვოს. ამისთვის მათ ერევანი კომუნალურ გადასახადებს უხდის. მოკლედ, კომუნიზმში ცხოვრობენ.

ერევანი ყარაბაღის მთიან ნაწილში მცხოვრები სომხური მოსახლეობის შესანახად ყოველთვიურად 28 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს ფული იხარჯება იმისათვის, რომ მოსახლეობამ იქაურობა არ დატოვოს. ამისთვის მათ ერევანი კომუნალურ გადასახადებს უხდის. მოკლედ, კომუნიზმში ცხოვრობენ

ასეა, იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი ბიზნესი არ კეთდება არ ვითარდება ეკონომიკა. საქმე იმაშია, რომ ყარაბაღის მთიან ნაწილს, სადაც სომხური ანკლავი ცხოვრობს, არ შეუძლია განვითარდეს ისე, რომ ყარაბაღის დაბლობთან არ ჰქონდეს კავშირი. საუბარია, იმ ტერიტორიებზე, რომელიც მათ 25 წელი ჰქონდათ ოკუპირებული.

- თქვენი ინფორმაციით ყარაბაღის მთიან ნაწილში ახლა რამდენი ეროვნებით სომეხი მოქალაქე ცხოვრობს?

- აზერბაიჯანული მონაცემებით ყარაბაღის მთიან ნაწილში 25 ათასიდან 30 ათასამდე ეროვნებით სომეხი ადამიანი ცხოვრობს. სომხების მტკიცებით, ახლა იქ 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ იქ ახლა 50 ათასი ადამიანია.

- რამდენადაც ვიცი ერევანი აფინანსებს მთიანი ყარაბაღის იმ ხელისუფლებას, რომელიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელით ფუნქციონირებდა.

ეს ხელისუფლება თუ თანამშრომლობს აზერბაიჯანულ ხელისუფლებასთან? ანაც, იმ ადამიანებთან, რომლებიც გვერდით ცხოვრობენ?

- მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ ხელისუფლებას, რომელსაც ერევანი აფინანსებს, პირდაპირი კონტაქტები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან არ აქვს. მათ შორის კონტაქტი რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ხორციელდება. ეს კონტაქტებიც სისტემატური არაა, და მხოლოდ მაშინ ხდება, როცა რაღაც კონკრეტული პრობლემაა გადასაწყვეტი.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ ხელისუფლებას, რომელსაც ერევანი აფინანსებს, პირდაპირი კონტაქტები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან არ აქვს. მათ შორის კონტაქტი რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ხორციელდება. ეს კონტაქტებიც სისტემატური არაა, და მხოლოდ მაშინ ხდება, როცა რაღაც კონკრეტული პრობლემაა გადასაწყვეტი

მაგალითად, ასეთი პრობლემები ხშირად უკავშირდება წყლის მიწოდებას. ყარაბაღის მთელი წყლის რესურსი კელბაჯარის ტერიტორიაზეა. საუბარია იმ რაიონზე, რომელიც ომის შედეგად იქნა განთავისუფლებული.

ამას წინათ აფეთქება მოხდა სომხეთიდან ყარაბაღის მთიან ნაწილში მიმავალ გაზსადენზე. ორი კვირა არ ჰქონდათ მათ გაზი. იგეგმება ყარაბაღის მთიანი ნაწილისა და სომხეთის დამაკავშირებელი ახალი კორიდორის მშენებლობა. ამ კორიდორის მშენებლობის დასრულების შემდეგ ლაჩინის კორიდორი აღარ იქნება.

იგეგმება ყარაბაღის მთიანი ნაწილისა და სომხეთის დამაკავშირებელი ახალი კორიდორის მშენებლობა. ამ კორიდორის მშენებლობის დასრულების შემდეგ ლაჩინის კორიდორი აღარ იქნება

საქმე იმაშია, რომ იქ უკვე აღარ იქნება კომუნიკაციები, მათ შორის არც გაზსადენი, არც ელექტროგადამცემი ხაზები და არც ინტერნეტი. ისინი იძულებული იქნებიან ყველაფერი ეს მიიღონ აზერბაიჯანიდან. თუ რა თქმა უნდა მოისურვებენ, თუ არ მოუნდებათ, ესეც მათი გადასაწყვეტია.

- თქვენი ინფორმაციით რამდენი დევნილი დაბრუნდა ყარაბაღში მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიებზე ბაქომ კონტროლი აღადგინა?

- ყარაბაღში, მას შემდეგ რაც ბაქომ ამ ტერირორიაზე კონტროლი აღადგინა, დევნილებიდან ჯერჯერობით არავინ დაბრუნებულა. ასეა იმის გამო, რომ იქ ქვა ქვაზე არაა დარჩენილი, ყველაფერი გაძარცული და განადგურებულია. სახლები დაშლილია ქვებად, აგურებად.

ასევე დიდი პრობლემაა ის, რომ ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი დანაღმულია. მხოლოდ აგდამის რაიონში 100 ათას ნაღმზე მეტია დაგებული და საჭიროა მათი განაღმვა. ჩვენი დათვლით, ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე 1 მილიონ ნაღმზე მეტია დაგებული.

ყარაბაღში, მას შემდეგ რაც ბაქომ ამ ტერირორიაზე კონტროლი აღადგინა, დევნილებიდან ჯერჯერობით არავინ დაბრუნებულა. ასეა იმის გამო, რომ იქ ქვა ქვაზე არაა დარჩენილი, ყველაფერი გაძარცული და განადგურებულია. სახლები დაშლილია ქვებად, აგურებად

მიუხედავად ამისა, წელიწადნახევარში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დიდი სამუშაოები ჩაატარა ყარაბაღში ინფრასტრუქტურული ობიექტების ასაშენებლად. რამდენიმე ასეული კილომეტრის საავტომობილო გზა დაიგო, ერთი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ ფიზულიში აშენდა. წყლის რესურსებზე ჩატარდა დიდი სამუშაოები. მიმდინარეობს ქალაქ აგდამიდან ქალაქ ბარდს შორის რკინიგზის მშენებლობა. ასევე შენდება რკინიგზისა და საავტომობილო გზები სამხრეთში, ირანის საზღვართან მდინარე არაქსის გასწვრივ.

შუშა და მისი შემოგარენი ერთადერთი ქალაქია, რომელიც დანაღმული არ აღმოჩნდა. ამიტომ აღდგენითი სამუშაოები იქ ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს. ყარაბაღში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისთვის შარშან და წელს აზერბაიჯანის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 1,7 -1,7 მილიარდი აშშ დოლარი.

- უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების ფონზე მოსკოვსა და ბაქოს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა. მასზე ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მოაწერეს.

ზუსტად არ მახსოვს, ამ ხელშეკრულებას როდის მოეწერა ხელი, მაგრამ, ახლა როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, მსოფლიოში ვითარება აშკარად შეცვლილია და არა რუსეთის წინააღმდეგ. ვგულისხმობ იმ ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც აშშ-მ და ევროპამ რუსეთს დაუწესეს.

აზერბაიჯანის მხრიდან მოსკოვთან მორიგი დაახლოება რას შეიძლება ნიშნავდეს?

- 22 თებერვლის, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ომი უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ არ იყო დაწესებული ეკონომიკური სანქციები, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ“.

ეს იმ დონის დოკუმენტია, რომელიც სწრაფად არ დგება. მასზე მხარეების დიპლომატები ერთი წელზე მეტ ხანს მუშაობდნენ. მასზე მუშაობა 22 თებერვლამდე დასრულდა, მაგრამ ხელი სწორედ ამ დღეს მოეწერა. ამიტომ, მისი მიბმა უკრაინის კრიზისთან არასწორი იქნებოდა.

აქვე ვიტყვი, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში მომუშავე „სოკარის“ ბენზინის 60 გასამართი სადგურები უფასოდ აწვდიან ბენზინს უკრაინის სოციალური სამსახურების მანქანებს.

აზერბაიჯანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში მომუშავე „სოკარის“ ბენზინის 60 გასამართი სადგურები უფასოდ აწვდიან ბენზინს უკრაინის სოციალური სამსახურების მანქანებს

სამი დღის წინ აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი პრეზიდენტ ზელენსკის ხორბლის დათესვის საწარმოებლად საცხებ-საპოხი მასალებით მომარაგებას დაჰპირდა. ბაქო მაქსიმუმს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის