მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის ოლქში ამომრჩეველთა სია სპეციალურადაა გაზრდილი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის ოლქში ამომრჩეველთა სია სპეციალურადაა გაზრდილი.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 100-ზე მეტი ამომრჩეველი სიას იმის გამო დაემატა, რომ მათ 18 წელი შეუსრულდათ და არჩევნებში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება აქვთ.

ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ არ არის საუბარი ამომრჩეველთა ისეთ რაოდენობაზე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნებზე.

„ტყუილია, უბრალოდ ტყუილია. მაგალითად, ერთ-ერთ კომპონენტს გეტყვით, ვითომ დამატებით ჩაწერილ 500 მოქალაქეს მათ მიათვალეს ის ადამიანები, რომლებიც 18 წლის გახდნენ; ასეთი 100-ზე მეტი ადამიანია. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ე.წ. მოგონილი სიიდან, რომელიც ვითომ ვინმემ დაამატა. კიდევ იყო შემთხვევა, რომ მეუღლე არ იყო ჩაწერილი და გადაეწერა. დანარჩენი 100-ზე თუ 200-ზე მეტი, წარმოდგენა არ აქვს არავის ვინ სად გადაეწერა და არ გამოვრიცხავთ მათ შორის, ეს იყოს „ნაცმოძრაობის“ [მიერ]. ჩვენთან წარმოდენა არ აქვს არავის ვინ სად გადაეწერა. აქ არ არის საუბარი ისეთ რაოდენობაზე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნებზე. სხვა დეტალებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენთან ინფორმაცია არ არსებობს. არ ყოფილა არც რაიმე დავალება და არც ე.წ. დავალების შესრულების პრეცედენტი. ამიტომ ეს არის ტყუილი და მოგონილი ციფრია“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის თანახმად, #79.04 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 497-ით, ხოლო უმისამართო ამომრჩეველთა კატეგორია (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) #89 უბანზე 371 ამომრჩევლითაა გაზრდილი.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს