გიგა ბოკერია - ადამიანების გატაცება არის რუსებისა და მათი ბოროტი სახის მაგალითი, მაგრამ ხელისუფლება იმისთვის უნდა გვყავდეს, რომ ამას უპირისპირდებოდეს

ადამიანების გატაცება არის რუსებისა და მათი ბოროტი სახის მაგალითი, მაგრამ ხელისუფლება იმისთვის უნდა გვყავდეს, რომ ამას უპირისპირდებოდეს - რეალურად, ეს არის ხელისუფლება, რომელიც არ უპირისპირდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ მტრის მოქმედებას სტრატეგია უნდა დაუპირისპიროს და წლების განმავლობაში ჰქონდეს ამუშავებული მექანიზმები, რომელიც მტერს პრობლემას უქმნის.

„ეს ამაზრზენი ამბავი, დანაშაული, მოტაცება, პუტინის ბოროტების იმპერიის პასუხისმგებლობაა. ეს მათი სახეა. ჩვენ ისეთი ხაზი არ გვაქვს, როგორც „ოცნებას“ და არ ვამბობთ - აი, ეს თქვენი ბრალია. ბრალი არის პუტინის რუსეთის, ასეთები არიან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ცდილობს, გაავრცელოს სხვა აზრი პუტინის რუსეთზე, უნდა ახსოვდეს, რასთან გვაქვს საქმე. ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს იმისთვის, რომ როცა წლების განმავლობაში მტერი ასე იქცევა, ამას სტრატეგია დაუპირისპიროს. არა მარტო იმ მომენტში, როდესაც ვიღაცას მოიტაცებენ, არამედ თანმიმდევრულად, წლების განმავლობაში ჰქონდეს ამუშავებული მექანიზმები, რომელიც მტერს პრობლემას უქმნის. შეიძლება ვერ გამორიცხოს და ამ შემთხვევაში არც ვიძახი, რომ გამოირიცხებოდა საქმე, მაგრამ პრობლემა უნდა იყოს მტრისთვის შენი მოქალაქის მოტაცება. რას ვხედავთ ჩვენ ამ რეჟიმისგან წლებია - ავიღოთ ოთხოზორიას შემთხვევა, ტატუნაშვილამდე რაც მოხდა, სასტიკი, კამერაზე გადაღებული მკვლელობა - ჩვენმა ხელისუფლებამ, ივანიშვილის რეჟიმმა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ფეხებზე დაიკიდა ეს ამბავი. იმ მომენტში განცხადებები გააკეთეს, შემდეგ ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ ზეწოლა დასჭირდა, რათა პარლამენტში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მიეღოთ. ამაზე დაგვთანხმდნენ, ოღონდ შემდეგ ნულოვანი გაგრძელება ჰქონდა და ჩვენს მოთხოვნებზე - რას შვებით, ამ სიაში რატომ არ შეიყვანეთ - იმ ადამიანებიდან ვინც მკვლელობისას იქვე იდგნენ, მხოლოდ ერთი კაცი შეიყვანეს. ეს დეტალები თითქოს პირდაპირ კავშირში არ არის ამასთან, მაგრამ როდესაც წინა შემთხვევებში არ მიჰყვები ამ ამბავს ბოლომდე, ეს ზრდის ყოველთვის რისკებს შემდგომი მოტაცებისა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ტრივიალური პასუხია, რა უნდა ქნან, ყველა საერთაშორისო მექანიზმი უნდა აამუშაონ. ახლა პუტინის რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნაკლებად შეიძლება რეაგირებდეს პირდაპირ. ამიტომ მარტო მყისიერი ამბავი კი არ არის ხელისუფლების დანაშაული, დანაშაული არის წლების განმავლობაში უმოქმედობა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა