პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონსა და დაბა აბასთუმანში ქონებების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტები გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან აწარმოებდა, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროკურატურის განცხადებით, პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც მათი საკუთრების უფლება უხეშად დაირღვა. სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში მდებარე როლანდი გელაშვილის მიწის ნაკვეთი ფართობით 2824 კვ.მ.

„რაც შეეხება დაბა აბასთუმანში არსებულ მიწის ნაკვეთს, დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სრულყოფილი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2010 წლის ბოლოს ცალკეული საჯარო მოხელეები პერიოდულად ხვდებოდნენ გენადი ენდელაძეს და მისგან დაბა აბასთუმანში, ასათიანის ქუჩა №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას ითხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი გენადი ენდელაძეს კანონიერი გზით ჰქონდა შეძენილი და მისი ჩამორთმევის რაიმე კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მას არ ჰქონდა სურვილი ნებაყოფლობით დაეთმო აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მის მიმართ განხორციელებული პერმანენტული ზეწოლის შედეგად და მომავალში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო ხელოვნური პრობლემების შექმნის თავიდან ასაცილებლად, იგი იძულებული გახდა უკანონო მოთხოვნის შესრულებას დათანხმებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2011 წლის 5 აპრილს გენადი ენდელაძემ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმო, დაბა აბასთუმანში, ასათიანის ქუჩა №1-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1324 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით.

დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდეს.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს - გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ, მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქმეზე პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე, ეტაპობრივად დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა პერიოდულად საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.

ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულის, ავთანდილ დავითაძის მიმართ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღნიშნულ საქმეზე, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები. მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე ხსენებული პირის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ავთანდილ დავითაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რომლის მოუხდელი ნაწილი პირობითი მსჯავრით იმავე ვადით შეეცვალა და გამოსაცდელ ვადად 1 წელი დაუდგინდა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 100,000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

გამოძიება ავთანდილ დავითაძეს ედავებოდა, რომ თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობისას, მან საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, ისე, რომ არ მომხდარა დ/დიღომში, დ. თავდადებულის ქუჩა №10-ში, ნუცუბიძის ფერდობზე, მე-5 მ/რ, №10-ში და ი.ჭავჭავაძის გამზირი N37-ში მდებარე შენობაში მცხოვრებთა რეალური აღწერა და მათ მიერ ფართის დაკავებისა და გაცემის კანონიერების შემოწმება, 2004 წლის მარტიდან, ამავე წლის დეკემბრამდე პერიოდში, უკანონო განკარგულება და დადგენილებები გამოსცა, რითაც ზემოაღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ 38 პირს უპირატესობა მიანიჭა, რის შედეგადაც მათზე შესაბამისი ორდერები გაიცა და ბინები გაფორმდა, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ახალი გამოძიების ფარგლებში ვაკე-საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები და საბინაო კომისიის წევრები დაიკითხნენ. აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათ მიმართ არავის მხრიდან ზეწოლას, ან რაიმე უკანონო დაპირებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილი არ ჰქონია. საცხოვრებელი ფართების მიკუთვნება ხდებოდა ვაკე-საბურთალოს გამგეობასთან არსებული საბინაო კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე. ამავე დროს კომისია, მისი შესაძლებლობების ფარგლებში იკვლევდა მოქალაქეების მიერ ფართების დაკავების კანონიერების საკითხს, რა დროსაც ძირითადად განათლების სამინისტროდან გადმოგზავნილი სიებით ხელმძღვანელობდა. გარდა ზემოაღნიშნულისა გამგეობის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით ხდებოდა, შესაბამისად ავთანდილ დავითაძე საცხოვრებელი ფართების განაწილების საკითხს ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტდა.

საქმეზე აგრეთვე ის მოქალაქეები დაიკითხნენ, რომლებზეც ბინების მიკუთვნება მოხდა. მათ აჩვენეს, რომი ისინი წლების განმავლობაში დაკავებულ ფართებში ცხოვრობდნენ და ავთანდილ დავითაძეს და საბინაო კომისიის წევრებს საერთოდ არ იცნობდნენ, შესაბამისად არავისთან გარიგებაში არ შესულან. მათი ნაწილი დღემდე იმავე ბინებში ცხოვრობს, რაც მათ საკუთრებაში ავთანდილ დავითაძის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გადაეცათ და მათი გამოსახლება არ განხორციელებულა.

ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2007 წლის 22 ივნისს, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი ავთანდილ დავითაძის პერიოდში მიღებული დადგენილებები, რომელთა საფუძველზეც ფართების მიკუთვნება ცალკეულ პირებზე მოხდა. აღნიშნული დადგენილება სხვადასხვა დროს, ადმინისტრაციული წესით ა. დავითაძის მიერ გადაცემული ფართების მესაკუთრეებმა გაასაჩივრეს. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებით მოქალაქეთა სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2007 წლის 22 ივნისის დადგენილება. შესაბამისად, ბინების მესაკუთრეებს, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ბინებზე საკუთრების უფლება შეუნარჩუნდათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობებით მიმართავს.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 446 პირი, რომელთაგან 317 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 59 750 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 113 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 90 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა