ცესკო-ს სპიკერი - ბათუმში ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს და ამ საკითხით მანიპულირების მცდელობა საარჩევნო პროცესს ვერ დააზიანებს

ბათუმში ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს და ამ საკითხით მანიპულირების მცდელობა საარჩევნო პროცესს ვერ დააზიანებს, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

იოსელიანი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით საარჩევნო ბიულეტენის ჩარჩო ფორმაზე კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად მინიშნებაა გაკეთებული.

„კენჭისყრის პროცესი გრძელდება და საარჩევნო უბნებზე კანონმდებლობის სრული დაცვით, მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ამომრჩევლებს. აქვე აუცილებლად მიგვაჩნია გამოვეხმაუროთ არასწორ და მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის მიხედვით საარჩევნო ბიულეტენის ჩარჩო ფორმაზე კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად მინიშნებაა გაკეთებული. ბათუმში ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული აპარატით ხორციელდება და უკვე შევსებული ბიულეტენი საარჩევნო ყუთში მოთავსებამდე ჩარჩო ფორმაში იდება. აღნიშნულ ჩარჩო ფორმაზე დატანილია სტანდარტული ინსტრუქცია ამომრჩევლისთვის თუ როგორ უნდა გააფერადოს მისთვის სასურველი კანდიდატის წინ არსებული წრე. ნიმუშად მოცემულია ცარიელი და შევსებული წრეები, გაფერადებულია მეორე წრე. ამ ჩარჩო ფორმას და ინსტრუქციას იყენებენ პირდაპირი მანიპულაციისთვის. თუ კარგად დავაკვირდებით, მოკლე ინფორმაცია თუ როგორ უნდა გააფერადოს ამომრჩეველმა წრე, უშუალოდ საარჩევნო ბიულეტენის ზედა ნაწილშიც არის განთავსებული, სადაც ნიმუშად პირველი წრეა გაფერადებული. ასე რომ, ფაქტია, არანაირ სააგიტაციო მინიშნებას არც ჩარჩო ფორმაზე და არც ბიულეტენზე ადგილი არ აქვს.

ამ საკითხზე აპელირება არის გაუმართლებელი და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის დაზიანების მცდელობას, შეყავს საზოგადოება შეცდომაში და ასევე ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის შემცირებას. მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ და არასწორად ინტერპრეტირებულ ინფორმაციას, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდად წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება. ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი არის ცესკოს უკვე წარმატებული საპილოტე პროექტი. წელს კიდევ ერთი ახალი კომპონენტი დაემატა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატები. ასეთი ტექნოლოგიების პილოტირება და დანერგვის შესაძლებლობების განხილვა კი მხოლოდ საარჩევნო პროცესის განვითარებას და შესაბამისად დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება“, - განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა