„სამართლიანი არჩევნები“ - ბათუმის #100 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დაირღვა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ბათუმის #100 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დაირღვა, კერძოდ „შეინიშნება სკანერის აპარატის გაუმართაობა, დაახლოებით, ყოველ მე-5 ამომრჩეველს უკან უბრუნდება ბიულეტენი და დაბრუნებული ბიულეტენის უკანა მხარეს გადასულია მარკერის მელანი“. ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ 13:00 საათის მონაცემებით გავრცელებულ შეფასებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ბათუმის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე შეინიშნება ქაოსი და გართულებულია პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება, რამდენიმე უბანზე კი დაფიქსირდა ხმის მიცემის პროცესის შეფერხება.

რაც შეეხება რუსთავი-გარდაბნის #12 მაჟორიტარულ ოლქს, შეფასების მიხედვით, აქ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს აკვირდება. ამომრჩევლები რუსთავი-გარდაბნის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარს, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 9 მობილური ჯგუფის, საუბნო საარჩევნო კომისიის 20 და საოლქო საარჩევნო კომისიის 3 დამკვირვებლისაგან შედგება. ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს მონაცემთა გადამოწმებისა და ინციდენტის ცენტრები.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები არჩევნების დღის პროცესებს სრულად, საარჩევნო უბნების გახსნიდან შედეგების შეჯამების დასრულებამდე აკვირდებიან.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე სრულად აკვირდებოდა შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს.

ძირითადი მიგნებებია: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაფიქსირებული დარღვევებისა და ტენდენციების უმეტესობა ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. როგორც რუსთავისა და გარდაბნის, ასევე, ბათუმის საარჩევნო ოლქში ორგანიზაციის დამკვირვებლებს შესვლისა და დაკვირვების უფლება ყველა საარჩევნო უბანზე შეუზღუდავად მიეცათ.

ბათუმის #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი და გართულებულია პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება.

ბათუმის #23, #69, #79, #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ხმის მიცემის პროცესის შეფერხება, ძირითადად, ვერიფიკაციის აპარატების და რიგ შემთხვევებში, სკანერების გაუმართაობის გამო.

ბათუმის #77, #79, #89, #91 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეიმჩნევა კოორდინატორებისა და პოლიტიკური მიზნით მოქმედი დამკვირვებლების ყოფნა და მათ მიერ ამომრჩეველთა მობილიზება. ასევე, ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებებიც.

ბათუმის #89 საარჩევნო უბანზე 2015 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, 1 ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს. „სამართლიანი არჩევნები” შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშშიც საუბრობდა ამ უბანზე ამომრჩეველთა სერიოზული მატების შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი ერთ დღეს დარეგისტრირდა, რასაც შესაძლოა ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა. შედეგად, ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდა იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდა კანონის იმპერატიული მოთხოვნის გვერდის ავლა. საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია უბნის საზღვრების დადგენაზე, არ უნდა დაეშვა ამ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონსაწინააღმდეგო რაოდენობით თავმოყრა.

ამასთან, საარჩევნო უბნის დადგენილზე მეტად გადატვირთვამ, უბნის სივრცის სივიწროვისა და ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პირობებში, როცა ამომრჩეველსა და კომისიას მეტი დრო სჭირდება კენჭისყრის პროცედურების განსახორციელებლად, შესაძლოა დაარღვიოს კოვიდრეგულაციები და პრობლემა შექმნას ხმის მიცემის ფარულობის მხრივაც.

რუსთავი-გარდაბნის #12 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევებია: (06:45-12:00სთ.) აღნიშნულ პერიოდში „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ, ბათუმის #79.04 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - ბათუმის #100 საარჩევნო უბანზე შეინიშნება სკანერის აპარატის გაუმართაობა, დაახლოებით, ყოველ მე-5 ამომრჩეველს უკან უბრუნდება ბიულეტენი. დაბრუნებული ბიულეტენის უკანა მხარეს გადასულია მარკერის მელანი, რის გამოც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე - ბათუმის #79 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გამოცხადებული იყო მაისურით, რომელზეც ჰქონდა წარწერა - ნუგზარ ფუტკარაძე (ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის სახელი და გვარი), რაც, შესაძლოა, ჩაითვალოს აგიტაციად.

უბნის მოწყობის წესის დარღვევა - ბათუმის #89 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 2015 ამომრჩეველი, თუმცა უბანზე განთავსებულია მხოლოდ 3 კაბინა, მაშინ როცა კანონის თანახმად, ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 კაბინა უნდა იყოს გათვალისწინებული. ამავე საარჩევნო უბანზე ფართის სივიწროვისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა სიმრავლის გამო, დამკვირვებლებს ხელი ეშლებათ უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებაში. ამავდროულად, არსებობს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკი.

კოვიდ რეგულაციების დარღვევა - ბათუმის #90 საარჩევნო უბანზე ირღვეოდა კოვიდრეგულაციები. კერძოდ დაახლოებით 15-მდე ადამიანს არ ეკეთა პირბადე. შენიშვნის მიუხედავად უბანზე მყოფი პირების ნაწილი არ დაემორჩილა მითითებას.

სხვა დარღვევები- ბათუმის #79 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი გამოცხადდა ბეიჯით და მართვის მოწმობით. კომისიის წევრი დაუშვეს უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით.

საარჩევნო უბნის მიმდებარე პერიმეტრზე დაფიქსირებული ტენდენციები: ბათუმის #77 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩეველთა არაერთჯერადი მობილიზება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით. ბათუმის #79 საარჩევნო უბანთან მყოფი „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის” დამკვირვებელი საეჭვო კომუნიკაციაში შედის ამომრჩევლებთან. უბანთან მობილიზებულნი არიან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებიც. ბათუმის #89 საარჩევნო უბანთან მყოფი კოორდინატორები და აკრედიტებული დამკვირვებლები ახორციელებენ ამომრჩეველთა მობილიზებას. ბათუმის #91 საარჩევნო უბანთან შეინიშნება პირთა ხანგრძლივი შეკრებები. კენჭისყრის შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში დილიდან განთავსებულ ავტომანქანაში მყოფი პირები, პერიოდულად, ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში შედიან.

საჩივრები, განცხადებები - ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ ბათუმის #79.04 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 2 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 5 შენიშვნა. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 1 საჩივარი. „სამართლიანი არჩევნები” აგრძელებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგს და დაკვირვების შედეგებს პერიოდულად გააცნობს საზოგადოებას“,- ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა