ომბუდსმენი - გავეცანით ვიდეომასალას, რომელიც ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული

2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე ანგარიშის თანახმად, 2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.

„2021 წელს გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო; ასევე, მიღებულ იქნა სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას, ასევე, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის ხელშეშლის და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა თუ მუქარის ფაქტებს. 2021 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. დაჩქარებული წესით - 4 დღის ვადაში კანონპროექტის განხილვამ შეუძლებელი გახადა საზოგადოების არსებითი ჩართულობა განხილვის პროცესში. მეტიც, კანონპროექტის მომზადებაში, არათუ დაინტერესებული ორგანიზაციები, არამედ სახელმწიფო ინსპექტორიც კი არ ყოფილა ჩართული. სახალხო დამცველის შეფასებით, ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა ეუთო/ოდირმაც“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სახალხო დამცველი ეხმაურება 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც, მისივე შეფასებით, საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.

„გასულ წელს ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებაზე და უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების პროცესიც სახალხო დამცველის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად გააგრძელა და დაასრულა. მართლმსაჯულების სფეროში შეუსრულებელი ვალდებულების გამო 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირმა დამატებითი 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარება საქართველოს არ გადმოურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დაჩქარებულად დანიშვნის ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ სასამართლოს გადატვირთულობა და ამ მიზეზით საქმეთა განხილვის გაჭიანურება სახელდებოდა, საქმეთა განხილვის საკასაციო ეტაპზე კვლავ პრობლემურია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპების დაცვა, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოძიებული ინფორმაციით დგინდება, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაშვებად ცნობილი 835 საქმიდან, კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში, სასამართლომ საქმის წარმოება მხოლოდ 25 (2.9%) შემთხვევაში დაასრულა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ომბუდსმენის შეფასებით, გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც დასაშვებად ცნობილი 722 საქმიდან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 6-თვიან ვადაში მხოლოდ 1 საქმე განიხილა.

„რაც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2021 წლის განმავლობაში სასამართლომ მხოლოდ 10 გადაწყვეტილება მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში 70-მდე აღწევს იმ საქმეთა რაოდენობა, რომლებიც 2015-2020 წლებში იყო რეგისტრირებული, არსებითი განხილვა დასრულებულია, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული საოქმო ჩანაწერი, რომლითაც გაუგებარი და დაუსაბუთებელი არგუმენტებით სასამართლომ არ შეაჩერა დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების გაუქმების პროცესი. აღნიშნული ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი იყო მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება მთავარ გამოწვევად რჩება.

„ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი საქართველოს პროკურატურაა. პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება მთავარ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მიერ წარმოებული არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს. მაგალითად, ასეთია ე.წ. კარტოგრაფების საქმე, სადაც გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს და საქმეშიც მძიმე სამართლებრივი ხარვეზები იკვეთება. სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას როგორც გასული წლების, ასევე, წინამდებარე 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

ადამიანის უფლებების დასაცავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს, როგორც დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს, საქმიანობის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა ჰქონდეს. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. ჩვენ გავეცანით თავდასხმის დღეს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე დაარქივებულ ვიდეომასალას, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, თუმცა ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილი კვლავ არ არის“, - ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა