გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება დაიცვა.
მან ასევე არ გაიზიარა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკა, რომელმაც მანამდე საფრანგეთ-გერმანიის გადაწყვეტილებას "მცდარი გათვლა" უწოდა.
მოკლე განცხადებაში, რომელიც გერმანიის ყოფილი კანცლერის სახელით მისმა სპიკერმა გააკეთა, აღნიშნულია, რომ ანგელა მერკელი „2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარდამჭერად რჩება“.
„ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში აღმოჩენილი სისასტიკის გათვალისწინებით, მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ყველა ძალისხმევა, რომ უკრაინის გვერდით დადგეს და დაასრულოს რუსეთის ბარბაროსობა და ომი უკრაინის წინააღმდეგ, ყოფილი კანცლერის სრული მხარდაჭერა აქვს“, - დასძინა სპიკერმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და საფრანგეთის ყოფილი ლიდერები ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია.
"ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში ვიწვევ, რათა ნახონ, სადამდე მიგვიყვანა რუსეთისადმი დათმობების პოლიტიკამ", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ დასავლეთს არ ადანაშაულებს, მაგრამ "გვაქვს უფლება, ვისაუბროთ მათ გაუბედაობაზე".