ეკა ბესელია - ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას, მერე კობახიძე აკეთებს განმარტებებს, რა უნდოდა ეთქვა პრემიერს - ძალიან მძიმე ამბავია

ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან უკვე დაზიანებული ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ასეთი სვლებით მე არ მგონია, რომ ეს დაზიანებული ურთიერთობები აღდგეს, - ასე ეხმაურება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აშშ-ში ელჩად დავით ზალკალიანის დანიშვნას.

მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ მსგავს გადაწყვეტილებებს გააზრებულად არ იღებენ და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება.

„ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან უკვე დაზიანებული ურთიერთობები გვაქვს, აშშ-ს ვგულისხმობ, რომელიც უკვე ძალიან ღია ენით გვესაუბრება, იმედგაცრუებული, გულგატეხილი, გულნატკენი, ძალიან ემოციურ სიტყვებს იყენებენ უკვე და ხან მარკერებით გაგვიხაზავენ ხოლმე და ხან კიდევ რით მიგვანიშნონ აღარ იციან, რომ ვერ გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ ის მოლოდინები, რაც მათ ჰქონდათ, როგორც მთავარ პარტნიორს და მოკავშირეს. ასეთი სვლებით მე არ მგონია, რომ ეს დაზიანებული ურთიერთობები აღდგეს იმიტომ, რომ რა გამოასწორებს იმას, რაც გაფუჭდა?

მე მგონია, რომ ეს უფრო სხვა ტიპის გადაადგილებაა, შიდა პოლიტიკური ამბავია, როგორც წესი ასე მიიღება ბოლო პერიოდში გადაწყვეტილებები. ჩვენთან, როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებები გააზრებულად არ მიღება და სულ პირადი მოტივაციით ხდება მიღება, სამწუხაროდ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია გადაცემაში „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ რუსეთ-უკრაინის ომზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ 2014 წელს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე ეჭვები არ არსებობდა, ხოლო დღეს „არც ცდილობს არავინ ამ ეჭვების დაფარვას“.

„პრობლემაა ეს განცხადებები. პრემიერი გააკეთებს განცხადებას და განმარტებებს აკეთებს მერე კობახიძე, რა უნდოდა ეთქვა პრემიერს და თქვას ისე, როგორც უნდოდა რომ ეთქვა, ეს განმარტებები კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია. ძალიან მძიმე ამბავია, სულაც არ ვლაპარაკობ ჩასაფრებულის პოზიციიდან, არ გვინდა ვიყოთ იმ ქვეყნის მოქალაქის როლში, რომლის ხელისუფლების გზავნილები რუსეთის ხელისუფლების მიმართ მეტისმეტად ლოიალურობის განცდას ტოვებს. ძალიან დიდი სირცხვილის განცდა გვაქვს ყველას, რომ თუნდაც ეს კითხვა ისმება, ვის გვერდით დგახარ?

2014 წელს იმდენად მძაფრი იყო ჩვენს მიერ მიღებული ნებისმიერი პოლიტიკური დოკუმენტი, არა თუ ეჭვს არ ტოვებდა, პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ არ არის საჭირო ასეთი მჭახე ტექსტებით საუბარი, როდესაც საერთაშორისო მედიაციის მცდელობა ჰქონდა ევროკავშირს. არც კი გაჩენილა ეს ეჭვები მაშინ და ახლა მე მგონი არც ცდილობს არავინ ამ ეჭვების დაფარვას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა