მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციამ მოახერხა ძალიან ცუდი და ავი ზრახვების სისრულეში მოყვანა

ოპოზიციის სასახელოდ უნდა ვთქვა, მათ მოახერხეს ძალიან ცუდი, ავი ზრახვების სისრულეში მოყვანა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, თუ უფრო მკაფიო „მესიჯები“ და განცხადებებია საჭირო უკრაინის მხარდასაჭერად, მაშინ „უნდა შევთანხმდეთ რა შეიძლება იყოს უფრო მკაფიო და შემდეგ ამას არავინ უფრთხის“.

„რაღაც ეტაპამდე მიიყვანეს დახვეწეს და მართლაც შექმნეს რაღაც ისეთი დღის წესრიგი, რომ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების არიან, ცალკეულ კითხვის ნიშნებს აჩენენ, ეს ცუდი ტენდენციაა. ჩვენი ხელისუფლებისგან აუცილებელია მკაფიო „მესიჯი" ამასთან დაკავშირებით.

თუ უფრო მკაფიო „მესიჯი" ან განცხადებაა საჭირო, ვიდრე ეს იყო გაეროში მხარდაჭერა, ჰააგაში მხარდაჭერა, სტრასბურგში მხარდაჭერა, უნდა შევთანხმდეთ რა შეიძლება იყოს უფრო მკაფიო, ვიდრე ეს გადაწყვეტილებები და შემდეგ ამას არავინ უფრთხის”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე გადაცემაში უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადების გაგრძელება, რომლის მიხედვითაც „საქართველოს თუ უნდა რომ იყოს უკრაინის მეგობარი, უნდა გახსნას ცეცხლი“.

„თუნდაც დღევანდელ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად მტკნარი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა, ამაზე გაკეთდა განცხადებები, ცალსახა, არაორაზროვანი, ერთმნიშვნელოვანი და კონკრეტული.

გნებავთ ახლა ვიღაცას რაღაც დავაბრალოთ და ვკითხოთ იმას, როგორ იმართლებს თავს? ასე არ არის სწორი, ბოდიშს ვიხდი, დააკვირდით, ფაქტიც არ მიუთითებიათ, ფორმულირებებს დააკვირდით, თქვეს, რომ თითქოს ჩვენ ვართ გარიგებული რუსეთთან, რომ ეს მომავალში უნდა გაკეთდეს, ისიც არ თქმულა, რომ ასეთი რამ მომხდარია. ეს არის, ჩემი აზრით, ერთგვარად პროვოკაციული განცხადება. ეს არის ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელება, როცა ცოტა ხნის წინ, არც თუ პატარა თანამდებობის პირი ამბობდა, რომ საქართველოს თუ უნდა რომ იყოს უკრაინის მეგობარი, უნდა გახსნას ცეცხლი. ამის გაგრძელებაა”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო