რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტი 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მათივე ცნობით, გასულ წელთან შედარებით 50 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი, ქალაქს ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, 2022 წლის დასაწყისიდან უკვე მეორედ გაზრდილი ბიუჯეტი, ახალ რუსთავში მასშტაბური პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
„ჩვენ უახლოეს მომავალში რუსთავის შემოსასვლელის რეაბილიტაციას დავიწყებთ. პროექტი მასშტაბურია. ახალი მწვანე სივრცე მოეწყობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი სისტემით. ამასთანავე, ყველა ცენტრალური მოედანი რეაბილიტირდება და მოწესრიგდება, მოეწყობა მწვანე ზოლები. რუსთავისთვის ეს ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები იქნება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
„რუსთავის ბიუჯეტში მობილიზებული დამატებითი თანხით, ქალაქის შემოსასვლელში, თამარ მეფის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება, ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძულები, სარწყავი სისტემა, თანამედროვე გარე განათება, რეკრეაციული სივრცეები, ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურაც განახლდება.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია შარტავასა და რუსთაველის სახელობის მოედნებსაც ჩაუტარდება და ქალაქის შემოსასვლელიდან, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნამდე, ოთხი სრულიად განახლებული სივრცე გაჩნდება.
მესხიშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. უახლოეს პერიოდში დიდების ხეივნისა და თავგორაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება.
პროექტის მიხედვით, დიდების ხეივანში არსებულ მემორიალებს რესტავრაცია ჩაუტარდება. ახლო მომავალში კლდიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია და არაფორმალური განათლების ცენტრის-მედიათეკის მშენებლობაც დაიწყება. დასრულების ეტაპზეა ორი ახალი სკვერი მე-8 და მე-18 მიკრორაიონებში, სადაც ჯამში, 24 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცეები ეწყობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.