ლევან იოსელიანი - უკრაინაში ბრალს გვიყენებენ, რომ ვართ რუსეთის მხარეს, რასაც სჭირდება ნათელი მტკიცებულებები - ჩემთვის ეს განცხადება შეურაცხმყოფელიცაა, რადგან ჩვენი პარტიის ლიდერი იარაღით ხელში მათ გვერდით იბრძვის

პერსონალურად ჩემთვის, ეს განცხადება შეურაცხყოფელიც არის, რადგან ჩვენი პარტიის ლიდერი იარაღით ხელში უკრაინაში იბრძვის მათ გვერდზე. ისინი ბრალს გვიყენებენ, რომ ვართ რუსეთის მხარეს , - ასე შეაფასა „მოქალაქეების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპკერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და აღნიშნულ ბრალდებას მტკიცებულებების დართვა სჭირდება.

„რა თქმა უნდა, კითხვები ბევრია საქართველოს ხელისუფლებასთანაც და უკრაინის ხელისუფლებასთანაც.

არ შემიძლია არ აღვნიშნო პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ შორის, მედიამაც გამოიჩინეს, ეს ამბავი არ აიტაცეს და არ დაიწყეს ამისგან რაღაც სენსაციის შექმნა, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე. ყველამ გაიაზრა, რომ ეს არ იყო რაღაც რიგითი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი და ქვეყანას წაუყენეს ისეთი ბრალი, რაზეც საფრთხის ქვეშ დადგა თვითონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. მოზომილი იყო ბევრი პოლიტიკოსის პასუხები, ოპოზიციას ვგულისხმობ და ხელაღებით არ უთქვამთ, რომ "გვჯერა ამ განცხადების."

კითხვის ნიშნები არსებობს, ჩვენ გვჭირდება დამატებითი მტკიცებულება. პერსონალურად ჩემთვის, ეს განცხადება შეურაცხმყოფელიც არის, რადგან ჩვენი პარტიის ლიდერი იარაღით ხელში უკრაინაში იბრძვის მათ გვერდზე. ისინი ბრალს გვიყენებენ, რომ ვართ რუსეთის მხარეს. ამას სჭირდება ნათელი მტკიცებულებები, მართალაც ამასთან გვაქვს თუ არა საქმე. თუ ჩვენ ამასთან გვაქვს საქმე, მაშინ საქმე გვაქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატთან. ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ვიდრე ამის დამაჯერებელი მტკიცებულება არ გვექნება, ვერავის დავწამებ ცილს იმაში, რაც ყველაზე დიდ ბრალდებად მიმაჩნია, რაც კი შეიძლება დააბრალო - სახელმწიფოს ღალატი“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი მსგავსი რამ დადასტურდა, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი დასავლური ქვეყნების პრობლემა იქნება.

„ერთ კითხვას ვსვამ: ამ იარაღის შეტანაში ხომ არ იგულისხმებოდა, რომ ეს ხდება ჩინეთიდან ან ინდოეთიდან. საუბარი არის, რომ დასავლეთიდან საქართველოს გავლით. რამდენი ქვეყანა გამოიარა, ამ ქვეყნებმა როგორ გამოატარეს? - ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. მაშინ ამ დაზვერვის ინფორმაციას უკან მოჰყვება შლეიფი, დასავლური ქვეყნების ძალიან დიდი პრობლემები, რომლებიც არიან რუსეთის წინააღმდეგ კოალიციაში და ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთი დამარცხდეს. ამიტომ, არ მგონია ეს ბრალდება სერიოზული იყოს და ამის სერიოზული მტკიცებულებები არსებობდეს“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა