თბილისის მერია მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარი იქნება.
შესაბამისი განცხადება თბილისის მერიის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოების გამო მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება.
„ვიწყებთ მეტეხის ხიდის რეაბილიტაციას. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონების ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება, ასევე დაგეგმილია ფასადებისა და თაღების გამაგრება და დამუშავება. გარდა ამისა, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად იქნება განახლებული. დაგეგმილი სამუშაოების გამო მეტეხის ხიდის არეალში და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება. დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იქნება სამუშაოების დაწყება შესაძლებელი და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორ მოხდება გზის სავალი ნაწილების გადაკეტვა სამუშაოებიდან გამომდინარე. დაახლოებით 2 მლნ ლარი ჯდება ამ პროექტის განხორციელება და ხიდის რეაბილიტაცია. სამუშაოების შემდეგ მეტეხის ხიდი აბსოლუტურად ყველანაირად მოწესრიგებული იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.