აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა - კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონპროექტის განხილვისას, ყველა გამომსვლელმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.

უწყების ინფორმაციით, ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს გვერდით დგომა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული დოკუმენტის კანონად ქცევის გზაზე შემდეგი ეტაპი კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე დამტკიცებაა, რის შემდგომაც, კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სენატს მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით გადაეგზავნება.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას, სიტყვით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსი და კონგრესმენები ჯერი კონოლი და ადამ კიზინგერი გამოვიდნენ.

გრეგორი მიქსის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია.

„დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრას ახორციელებს, ეს ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება გახლავთ, რომ ქვეყნებს, როგორებიც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გახლავთ, ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული გვერდში მხარდაჭერა სჭირდებათ. აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ხაზს უსვამს უსაფრთხოების კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ზრდას, არამედ, ასევე უზრუნველყოფს ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერას საქართველოსადმი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც, თავის მხრივ გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედი გახლავთ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავის გამოსვლაში კონგრესმენმა კონოლიმ საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით, დაამტკიცა თანამშრომლობის მზაობა და სურვილი ნატო-სა და დასავლეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

„ამის საპასუხოდ, აშშ საქართველოს რუსეთის ნებისმიერი აგრესიისა, თუ შეჭრის თავიდან აცილებაში უნდა დაეხმაროს. აღნიშნული კანონპროექტი წინანდელი ძალისხმევის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისაკენ და სანქციების დაწესებისაკენ იმ პირების მიმართ, რომელთაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა განახორციელეს, რისი დამადასტურებელი მაგალითებიც სახეზე გვაქვს, როგორიც გახლავთ ადამიანთა გატაცებები, მკვლელობები და დაკავებები“, - აღნიშნა ჯერი კონოლიმ.

ადამ კიზინგერმა ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და მათ ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„რუსული აგრესია, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ, სიახლე არ გახლავთ. ეს ყოველივე მსოფლიოსთვის აშკარა გახდა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა თავის შეიარაღებულ ძალებს 2008 წელს სუვერენულ საქართველოში შეჭრა უბრძანა. იმ ომის დროს ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა სიცოცხლე დაკარგეს, ჯანმრთელობა შესწირეს და ტერიტორიები დაკარგეს. ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს. აღნიშნული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში ორჯერ იქნა დამტკიცებული და მას მტკიცე და საკმაოდ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნდა. დღეს აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, რაც უსაფრთხოების მიმართულებით მზარდ მხარდაჭერაში გამოიხატება“,- განაცხადა კიზინგერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს