ნატალი საბანაძე - უკრაინის მთავრობასთან საუბრის გარეშე ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში მოვხვდებით - საუბარი, რომ იქაურობას ჩემი მოწინააღმდეგე განაგებს, ძალიან დამაზიანებელია

საქართველოს მთავრობა თავისი პოზიციონირებით რეალურად ზიანს აყენებს ჩვენს ურთიერთობებს პარტნიორებთან, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნატალი საბანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების საუბარი, რომ უკრაინას „ჩემი მოწინააღმდეგე განაგებს“ ძალიან დამაზიანებელია.

„სანქციებს რაც შეეხება, ეს ლოგიკა გასაგებია, რომ საქართველო არ უნდა გამოვიდეს დაზარალებული. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც პლატფორმა სანქციების თავიდან ასაცილებლად. იმ ტიპის სიტყვიერი განცხადებები, რომელიც მოდის მთავრობისგან, თუნდაც იმის თქმა, რომ დღეს უკრაინაში მთავრობაში არის „ნაციონალური მოძრაობა“, გამოდის აქედან, რომ ჩემი მოწინააღმდეგეა დღეს უკრაინის ხელისუფლებაში. ის ქვეყანა, რომელიც რეალურად არის ჩემი მეგობარი და პარტნიორი, არის ჩემი მოწინააღმდეგე.

მე არ ვიცი, საქართველოს მთავრობა ესაუბრება თუ არა დღეს უკრაინის მთავრობას. ამ საუბრის გარეშე ჩვენ მოვხვდებით თამაშგარე მდგომარეობაში. არა მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში, არამედ საუბრის გარეშე ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაც დაზარალდება. სწორედ უკრაინის გამო გამოჩნდა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ. რეალურად უკრაინაა აქ "გამქაჩავი" ძალა. ამიტომ ჩვენი ინტერესი არაა, რომ არ ვიყოთ მათთან ახლოს. არა იმ გაგებით, რომ საქართველო რაიმე ავანტიურაში ჩაებას, არა, მაგრამ საქართველო სწორედ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს ახლო კავშირში, სამთავრობო დონეზე უკრაინის ხელისუფლებასთან. საუბარი, რომ იქაურობას ჩემი მოწინააღმდეგე განაგებს, არის ძალიან დამაზიანებელი.

ევროკავშირი სამი ქვეყნის მოთხოვნას განიხილავს ერთ პაკეტში, ეს ჩვენ ძალიან გვაწყობს. როდესაც ჩვენი მთავრობის მეთაური საუბრობს, რომ ის გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, ქვეყნის ინტერესებში თუ არის ისევ ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ უკრაინასთან და მოლდოვასთან ძალიან ახლო ურთიერთობა არის გადამწყვეტი“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

ასევე, ნატალია საბანაძემ გადაცემაში ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ოფიციალური ანგარიში არაა, თუმცა ეს ანგარიში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კვლევით ცენტრს დაუკვეთა და სამომავლოდ ოფიციალური ანგარიშის მომზადებისას მას დაეყრდნობა.

„ეს არ არის ოფიციალური ანგარიში, ეს არის ევროპარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში. მაგრამ ის თავისი ინიციატივით არ წერს ამ ანგარიშს, ეს ანგარიში შეუკვეთა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რომელიც მოამზადებს ოფიციალურ ანგარიშს, შესაბამისად, ის დიდი წილად დაეყრდნობა იმ დასკვნებს და მასალას, რომელიც არის იქ მოყვანილი. არ არის ხელწამოსაკრავი არცერთი ანგარიში, რომელიც ქვეყნდება ევროპული სტრუქტურების ჩარჩოს ქვეშ.

საქართველოს არ აქვს დღეს იმის ფუფუნება, რომ იყოს სხვებზე უარესი. ამ ანგარიშის ძირითადი დასკვნა ის არის, რომ ორი წლის წინ საქართველო იყო წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის და დღეს ასე არ არის, მთელ რიგ მონაცემებში საქართველო იხევს უკან და განსაკუთრებით ეს ეხება დემოკრატიის ხარისხს“, - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა