რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ოფიციალურმა კიევმა 6 აპრილს წარადგინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ახალი პროექტი, რომელიც წარმოადგენს გადახვევას სტამბოლში 29 მარტის შეხვედრის დროს დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებებიდან.
„უკრაინამ მოლაპარაკების ჯგუფს თავისი შეთანხმების პროექტი წარუდგინა, რაც წარმოადგენს აშკარა გადახრას ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებებიდან, რომლებიც 29 მარტს, სტამბოლის შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის არახამიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში დაფიქსირდა”, - აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, კიევმა სტამბოლის დოკუმენტში განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები არ გავრცელდება ყირიმსა და სევასტოპოლზე. „თუმცა, წარმოდგენილ შეთანხმების პროექტში მსგავსი განცხადებები არ არის, იქ მხოლოდ აღნიშნულია გარკვეული „ეფექტური კონტროლი“ 23 თებერვლის მდგომარეობით. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგში უნდა შევიდეს. რა თქმა უნდა, უკრაინა შემდგომში მოითხოვს [რუსული] ჯარების გაყვანას და გააგრძელებს წინაპირობების დაგროვებას. გეგმა ნათელია და მიუღებელია", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, დოკუმენტში, რომელსაც არახამიამ სტამბოლში მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ უკრაინას შეუძლია უმასპინძლოს სამხედრო წვრთნებს უცხო მხარეების მონაწილეობით მხოლოდ ყველა გარანტორი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის თანხმობით. „თუმცა, წარმოდგენილი დოკუმენტის პროექტი არ შეიცავს ამ მკაფიო დებულებას და საუბრობს წვრთნების გამართვის შესაძლებლობაზე გარანტორი ქვეყნების უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე, რუსეთის ხსენების გარეშე“, - განმარტა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, რუსეთის ჯარებმა სტამბოლის შეხვედრის შემდეგ მოახდინეს „ვითარების დეესკალაცია“ კიევისა და ჩერნიგოვის რაიონში, როგორც „კეთილგანწყობის ჟესტი“, რათა ხელი შეუწყონ შეთანხმების მიღწევას.
„საპასუხოდ ბუჩაში მოაწყვეს პროვოკაცია, რომელიც დასავლეთმა მაშინვე გამოიყენა სანქციების მორიგი პაკეტის წარმოდგენის მიზნით და უკრაინელმა ნეონაცისტებმა სისასტიკე განახორციელეს რუსი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ“, - განაცხადა ლავროვმა.