ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს - ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რაც სამწუხაროა

ჩემთვის უკრაინის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადების მოსმენა სამწუხარო იყო - საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, აბსურდულია ბრალდება, რომ ამაში მთავრობაა ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ე.წ. შავ ხვრელთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებთან ნებისმიერ ინფორმაციას ცვლის და ასეთ საკითხებზე კითხვა არ უნდა არსებობდეს.

„გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა. უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის.

ამ საკითხს გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა, ცალსახად განვაცხადო - საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, აბსურდულია ბრალდება, რომ ამაში მთავრობაა ჩართული. ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიების გამოყენებით - ეს არის მკაფიო, ცალსახა პოზიცია.

ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან. ონლაინ რეჟიმში ვცვლით ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან და ვფიქრობ, ამაზე კითხვა არ უნდა არსებობდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს