სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყარომ ახლა გაიღვიძა და მხოლოდ ახლა მიხვდა, ვინ არის პუტინი და რა არის რუსეთის ფედერაცია - ეს მანამდე, თუნდაც მაშინ რომ გახსენებოდათ, როცა ქართველებს რუსეთიდან საბარგო თვითმფრინავებით ყრიდნენ, რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან დიდი ხნის გარიცხული უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ დღეს პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
ცაგარეიშვილის შეფასებით, რუსეთის ფედერაცია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან გარიცხვისკენ სიარულს არ ერიდებოდა და ადამიანის უფლებებს ყოველდღიურად არღვევდა.
“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! პატარა საქართველოს დიდმა ტრაგედიებმა თანამედროვე სამყარო ვერ შეაშფოთა - დიდი უკრაინის დიდმა ტრაგედიამ შეაშფოთა. კარგია, რომ ახლა მაინც აეხილათ თვალი ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს იმაში, რომ მეგობარი ქვეყნების გასაჭირში მიტოვება არ შეიძლება - მათ მუდმივად გვერდზე ყოფნა და უამრავი მიმართულებით დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა. ხმის მიცემის შედეგად 93-მაქვეყნის წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას არის საქართველო, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, თავად უკრაინა და ა.შ.