ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტის სპიკერი უნდა ჩასულიყო ბუჩაში, იქ, სადაც უზარმაზარი ტრაგედია მოხდა, ამის ნაცვლად ვნახეთ საყვედურები უკრაინის ხელისუფლების მიმართ - ეს არ შეეფერება ქართველ კაცს

ვნახეთ საყვედურები უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ქედმაღლური პოზიცია - ეს არ შეეფერება ქართველ კაცს, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით უნდა იდგეს,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევის შესახებ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ კვლავ ატარებს იმ ხაზს, რომლის მიხედვითაც საქართველო ფორმალურად მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო პლატფორმებზე, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები არ შეესაბამება იმას, რაც უკრაინას საქართველოსგან სჭირდება.

„პარლამენტის სპიკერი უნდა ჩასულიყო ბუჩაში, იქ, სადაც უზარმაზარი ტრაგედია მოხდა. ამის ნაცვლად ვნახეთ საყვედურები უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ქედმაღლური პოზიცია. ეს არ შეეფერება ქართველ კაცს, რომელიც უნდა იდგეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით. ეს არის იმ ხაზის გატარება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთის ფედერაციის აგრესიის პირველი დღიდან - ერთი მხრივ ფორმალურად, ჩვენი სახელმწიფო საერთაშორისო პლატფორმებზე მხარს უჭერს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები და განცხადებები არ შეესატყვისება იმას, რასაც ახლა უკრაინის სახელმწიფო ჩვენგან საჭიროებს. ამიტომ საყვედურების და ქედმაღლობის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ კიევში, ბუჩაში და გამოხატონ სოლიდარობა და თანადგომა უკრაინის ხელისუფლების და ხალხის მიმართ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ ჩავლენ ბუჩაში ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯაფარიძე ამბობს, რომ ამის შესაძლებლობას განიხილავენ.

„კავშირში ვართ უკრაინელ კოლეგებთან. უკვე დავიწყეთ კონტაქტი და განვიხილავთ ამ შესაძლებლობას“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია. მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს