რომან გოცირიძე - კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა, ჩავიდეს უკრაინაში, ამ ნაბიჯის გადადგმა დროულადაა საჭირო, თორემ მერე, გამარჯვების მიტინგზე, კიევში, ზელენსკის გვერდით ფოტოს გადაღებისთვის რიგში მოუწევს დგომა

კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა, მიიღოს გადაწყვეტილება და ჩავიდეს უკრაინაში, ამ ნაბიჯის გადადგმა დროულად არის საჭირო, თორემ მერე, გამარჯვების მიტინგზე, კიევში, ზელენსკის გვერდით ფოტოს გადაღებისთვის, რიგში მოუწევს დგომა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ, მათ შორის, პარლამენტმა და მისმა ხელმძღვანელობამ "შავი ლაქა წაუსვა ქვეყნის რუკას და მისი მცირედით ჩამორეცხვის შანსი ჯერ კიდევ არსებობს".

„როცა ისტორიაში დღევანდელი პერიოდი დახასიათდება, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაიწერება უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის სიტყვები, რომ ქართველი ხალხი სჯობს მის მთავრობას, ამაზე საუკეთესო დახასიათება ამ ეპოქისა, არავის მოუცია. სამწუხარო და სამარცხვინოა ის ფაქტი, რაც ხდება, ყოველი ახალი განცხადება თუ ნაბიჯი იწვევს ქვეყნის რეპუტაციის კიდევ უფრო შელახვას, გვიკარგავს საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების მხარდაჭერას და დახმარებას. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არათუ არ ჩადიან, ტელეფონითაც არ ელაპარაკებიან კოლეგებს უკრაინაში, რიგითი დეპუტატი მაინც ჩასულიყო. რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის და დღესაც იმყოფება უკრაინაში, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრი უკრაინაში იარაღით იცავს ამ ქვეყნის და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საჯაროდ მიმართა. „არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე,"- აცხადებს სტეფანჩუკი.

შეგახსენებთ, 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რომ მანაც მიიღო რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდეს უკრაინაში. პაპუაშვილის განმარტებით, "ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო