ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და ფარული მოქმედებების ჩატარების თაობაზე შეტყობინების წესი იცვლება

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესიც.

ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომელიც ბიუროს 18 აპრილის სხდომაზე წარედგინება.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება იმ ვადით გაიცემა, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს ორი თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს, გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, კანონის აღნიშნული ნორმა სასამართლო პრაქტიკაში არასწორი განმარტების საგანი გახდა. კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ იგი განიმარტება გაუმართლებლად შეზღუდულად და არა კანონმდებლის მიერ მასში მოაზრებული ნამდვილი შინაარსის შესაბამისად.

“კერძოდ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარების საკმარის ვადად, როგორებიც არის, მაგალითად: ტერორიზმი, საბოტაჟი, ომის დანაშაული და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სხვა მძიმე დანაშაულები, პრაქტიკაში მიჩნეულ იქნეს 3-თვიანი მაქსიმალური ვადა მაშინ, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადა, კანონის თანახმად, სინამდვილეში 6 თვეა“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით პირველ ეტაპზე ტარდება არაუმეტეს 3 თვის ვადით, მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე − გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით.

ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება.

გარდა ამისა, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 142/1, 143-ე-143/2, 144-ე-144/3, 155-ე, 157/1, 194-ე, 194/1, 223-ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე- 235/1, 239/1, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 255/1, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-321/1, 322/1-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 343/1, 345-ე, 346-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, სასამართლოს კონტროლით, შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინებას ეხება. მოქმედი წესის მიხედვით, სათანადო ორგანომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაცია 24 თვის ვადაში იმ პირს უნდა შეატყობინოს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

“ვინაიდან აღნიშნული წესი არანაირ გამონაკლისს არ ითვალისწინებს, შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ასეთ მცირე დროში შეტყობინებამ საგამოძიებო ორგანოს ფუნქციონირების ეფექტიანობას საფრთხე შეუქმნას და სახელმწიფო უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი არსებითად დააზიანოს“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება “სისხლის სამართლის კოდექსის“ - 108-ე, 109-ე, 142-ე, 142/1, 143-ე-143/2, 144-ე - 144/3, 155-ე, 157/1, 194-ე, 194/1, 223-ე - 226-ე, 230-ე - 232-ე, 234-ე-235/1, 239/1, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 255/1, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-321/1, 3221 - 333-ე, 337-ე - 339-ე, 341-ე, 342-ე, 343- ე, 343/1, 345-ე, 346-ე, 404-ე - 413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც იგი ჩატარდა, შესაძლოა იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივ წესრიგისა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად.

ამ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინება, სასამართლოს კონტროლის საფუძველზე, ყოველ ჯერზე შესაძლოა გადავადდეს არა უმეტეს 12 თვის ვადით.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რესან კონცელიძე, გია ბენაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა სეფაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი და კახა კახიშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს