სუს-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

მათი განმარტებით, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი.

როგორც სუს-ის ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა.

„2021 წლის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები - თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური.

2021 წელს მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, არსებული მონაცემებით, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის 125-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. აღნიშნულის ფონზე, კვლავაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა“,-აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას.

„აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 2021 წელს რუსეთთან „თავდაცვისა და უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი სივრცის“ შექმნისა და ამ კუთხით „ინტეგრაციის“ მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გააჟღერა. აქტიურად განიხილებოდა „ფსოუს გამშვებ პუნქტზე“ მოძრაობის ე.წ. რეგულაციების გამარტივების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენის „ლეგალიზებისა“ და სხვა საკითხები. ყოველივე აღნიშნულს, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ „სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის“ დათმობა უწოდა. 2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას. ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები“,-აღნიშნულია ანგარიშში.

მათი განმარტებით, ანექსიის პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე.

როგორც სუს-ის ანგარიშშია აღნიშნული, არსებული მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 50%-ს (69 472 492 აშშ დოლარი), ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 83%-ს (84 898 637 აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაცია აფინანსებს.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, დეზინფორმაციული კამპანიები და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობები.

„დე ფაქტო რეჟიმების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები რუსული ე.წ. საინფორმაციო ომის ნაწილია და ადგილობრივი მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. მათი ძირითადი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციაა“,-აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

მათი ცნობით, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 130 შემთხვევა დაფიქსირდა.

„უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში“,-აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდებოდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რეგიონების რუსიფიკაციისა და მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლის, მათი ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა.

სუს-ის განმარტებით, რუსეთი აქტიურად ცდილობდა, მაქსიმალურად გაეძლიერებინა სამხედრო პოზიციები შავი ზღვის რეგიონში და სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენებით, რეგიონზე მოეპოვებინა მყარი, გრძელვადიანი ბერკეტები.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნულმა დამატებითი გამოწვევები შექმნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა