პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც სანქციებში საქართველოს მონაწილეობას შეეხება.
შესაბამისი დავალება პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ მისცა, რაც “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოითხოვა გამოქვეყნდეს, რა კონკრეტული შეზღუდვებია დაწესებული 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამო.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, სანქციების საკითხი სხვადასხვა მხრიდან ზედმეტად პროპაგანდისტულ საკითხად იქცა და საჭიროა თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები თუ თემის პიარული ექსპლუატირება შეწყდეს.
“ერთის მხრივ, ვინც სანქციას ახსენებს “ომის პარტიად“ მოაზრება. მეორეს მხრივ - პირიქით. ვიცი, რომ უკრაინაში ყოფნისას ამ თემას შეეხეთ და ისიც აღნიშნეთ, რომ საქართველო რეალურად რამდენიმე მიმართულებით შეერთებულია სანქციებს, რაც დაწესებულია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამასობაში საქართველოს მოსახლეობასაც და საერთაშორისო სამყაროსაც ამ თემაზე ხშირად ესმის კონკრეტული ხისტი განცხადებები, რომ საქართველო სანქციებს არ განიხილავს, არ შეერთებია, არ შეუერთდება. ამ ყველაფერში სიცხადის შესატანად ხომ არ შეიძლებოდა, რომ კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს - ეს არის მთავრობა ან პრემიერ - მინისტრი - ძალიან მკაფიოდ განემარტა და ჩამოეთვალა შიდა და გარე მოხმარებისთვის კონკრეტულად რა შეზღუდვებია დაწესებული 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამო. ეს არის საბანკო, საფინანსო სფეროებში, რეექსპორტის მიმართულებით თუ კონკრეტულ მოქალაქეებს რაიმე აქვთ შეზღუდული - გაკეთდეს ჩამონათვალი, რაც რეალურად მოქმედებს და საკითხზე სულ მცირე პოლიტიკური სპეკულაციები თუ თემის პიარული ექსპლუატირება შეწყდეს. ეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენი პოზიციონირებისთვის ბევრ რამეს შეუწყობდა ხელს“, - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
როგორც უსუფაშვილის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა.
“შეიძლება ეს გაბნეულად არის, მაგრამ ამის თაობაზე არაერთხელ ითქვა - მათ შორის თებერვალში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებებზე. მანამდე საქართველომ ყირიმთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ამაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია იყო, შესაძლოა, თავმოყრილად არ არის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მეშვეობით ვთხოვ, რომ კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.