ზურაბ ბატიაშვილი - რუსების გეგმა შემცირდა და მარიუპოლზე დავიდა - მათი ადამიანური და სამხედრო რეზერვიც მცირდება, 70-იან წლებში გამოშვებული „გრადები“ მიაქვთ საბრძოლველად

უკრაინაში ვიზიტი რომ შედგა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ პერიპეტიები და გარჩევები, გაწევ-გამოწევა, რაც ამას ახლდა, ძალზედ არასწორია, - ასე აფასებს აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტს.

ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, პრობლემები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან აქვს, არ უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ვიზიტი რომ შედგა, რა თქმა, უნდა კარგია, მაგრამ ის პერიპეტიები და გარჩევები, გაწევ-გამოწევა, რაც ამას ახლდა, ძალზედ არასწორია. მაგალითად, ძალზედ ამოვარდნილია კონტექსტიდან წინაპირობების წაყენება, რომ ამას თუ შემისრულებ, მე ჩამოვალ. რეალურად უკრაინა-საქართველოს ხელისუფლებებს შორის არსებული პრობლემები არ მოხსნილა. უკრაინა დღეს ჩვენს ასე დიდ მტერს ებრძვის, რაც არ უნდა პრობლემები გქონდეს, ეს არ უნდა გამოიტანო და გაასაჯაროვო, რადგან, მაშინ გამოდის, აკეთებ მტრის საქმეს, მტრის წისქვილზე ასხამ წყალს. დღეს რუსეთის ხელისუფლება ებრძვის უკრაინის ხელისუფლებას, დედამიწის ზურგზე სხვა არავინ არ ებრძვის და რატომ აკეთებ მტრის საქმეს, ეს ბევრ კითხვას აჩენს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ძალზედ ბევრ რამე შეცვლის მსოფლიოში. მათ შორის ჩვენს რეგიონში. უკრაინა გახდება ახალი რეგიონული ძალა ჩვენს რეგიონში. უკრაინა იქნება მსოფლიო პოლიტიკის მიზიდულობის ძალა და ძალიან ბევრი პროცესების ტრენდის მიმცემი ძალა. ვფიქრობ, რომ ეს დაინახეს და მან გამოიწვია ეს ვიზიტი და არა იმან, რომ მაინც და მაინც ახლა მოუნდათ ბუჩას მონახულება “, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, უკრაინის შემთხვევამ აჩვენა, რომ საქართველოში პარტიებს შორის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზეც კი ვერ ხერხდება შეთანხმება.

„უნდა ვთქვათ ის, რომ სამწუხაროდ, უკრაინის შემთხვევამ და რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა სამწუხარო რეალობა, რომელშიც საქართველოს და მის პოლიტიკურ პარტიებს უწევთ ცხოვრება. ეს არის პოლიტიკის ძალზედ დაბალი კლასი, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც კი, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 87%-ს საკუთარ ომად მიაჩნია, სწორედაც მიაჩნია, ვერ ხდება შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს აჩვენებს მათ დაბალ კლასს. ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზეც ვერ ვახერხებთ გაერთიანებას და საერთო პოზიციის დაფიქსირებას“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილმა გადაცემაში მარიუპოლში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დრო უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობს და რუსების ადამიანური და სამხედრო რეზერვები მცირდება, ხოლო უკრაინელები კი მარიუპოლში კარგად არიან გამაგრებული.

„ქალაქის დიდ ნაწილს რუსული მხარე აკონტროლებს, ხოლო უკრაინელები თავს იცავენ ძირითადად ქარხნის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში არიან გამაგრებულები. ეს შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს იმიტომ, რომ კარგად არიან გამაგრებულები, მორალურად მომზადებულები არიან, ერთადერთი მათ გარკვეული რაოდენობის იარაღზე შეზღუდვა აქვთ.

გარდა იმისა, რომ ქალაქს იცავენ, ისინი თავის თავზე იზიდავენ ძალიან დიდი რაოდენობის რუს სამხედროებს და მათ არ აძლევენ საშუალებას, ჩაერთონ დონბასში გადამწყვეტ ბრძოლაში.

კარგად იციან რუსებმა, რომ დრო უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობს, იმიტომ, რომ დრო უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობს. რაც დრო გადის რუსეთის რეზერვები, ადამიანური იქნება თუ სამხედრო, მცირდება. დღეს დავინახეთ 1970-იან წლებში გამოშვებული ძველი გრადები, რომლებიც ზილზე არის დამონტაჟებული და ბოლოს ავღანეთში გამოიყენეს, ესენი მიაქვთ რუსებს იქ საბრძოლველად“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, რუსებს მარიუპოლში აღლუმის ჩატარება სურთ და მის აღებას 9 მაისამდე გეგმავენ.

„რუსები აპირებენ გარკვეულწილად აღლუმის ჩატარებას. თავის დროზე იგეგმებოდა, რომ კიევში ჩაეტარებინათ, კიევი ვერ აიღეს და მერე ხარკოვში აპირებდნენ. შემცირდა და შემცირდა გეგმა და მარიუპოლზე დავიდა. ამიტომ არიან გამწარებული, უნდათ, რომ მარიუპოლი 9 მაისამდე აიღონ, ეს გარკვეულ წილად საკრალური ციფრია მათთვის“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო