პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება თუ არა ამას წყვეტს მოსახლეობა და ამიტომ გამორიცხული არაფერია.
რაც შეეხება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობის საკითხს, როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განმარტა, პარტია „საქართველოსთვის“ გუნდი მიხეილ სააკაშვილთან რამე მოლაპარაკების პროცესში არც დღეს და არც მომავალში ჩაერთვება.
„მუნიციპალური არჩევნების დასრულების დღიდან ჩვენი გუნდის პოზიცია იყო, მიუხედავად იმისა, როგორ ჩატარდა არჩევნები და რა ნიშნული დაიწერა „ქართულმა ოცნებამ“, მას აუცილებლად შეექმნებოდა არასამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა და ეს პირველივე კრიზისში გამოჩნდა. ამ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება თუ არა, ამას წყვეტს არა ირაკლი კობახიძე თუ ანა ბუჩუკური და ა.შ. არამედ, ამას წყვეტს მოსახლეობა და ჩვენი მოქალაქეების განწყობები. ამიტომ, გამორიცხული არაფერია“, - აცხადებს ანა ბუჩუკური
მისი განმარტებით, ყველა კრიზისში ჩანს მმართველი პარტისადმი მოსახლეობის ნდობის ხარისხის პრობლემა, რამაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, გამიწვიოს რიგგარეშე არჩევნები.
„თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ მორიგ არჩევნებამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი, 2 წელი დაგვრჩა. ფაქტობრივად, ერთი წლით ადრე იწყება ხოლმე საარჩევნო მზადება და იქამდეც ბევრი დრო არ არის, თუმცა არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა მოხდება და არავინ იცის, მოუწევს თუ არა „ქართულ ოცნებას“ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს. მისი თქმით, "აქციის ნაცვლად, უნდა მოემზადონ დიდი ეროვნული დღესასწაულისთვის, სადაც ზეიმით გააცილებენ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან".