დავით სერგეენკო - მე არ მაქვს ლექსიკონში ის სიტყვა, რომელიც მოკლედ და სხარტად აღწერს იმას, რაც უკრაინაში ვნახე - ეს იყო ყველაფერი ერთად: სისასტიკე, არაადამიანობა, გნებავთ გენოციდი, ტერორი

წინასწარ, რა თქმა უნდა, გვქონდა კადრები ნანახი და წინასწარ გვქონდა სამწუხარო გამოცდილება, რაც ხდებოდა საქართველოში 90-იანების დასაწყისში და 2008-ში, თუმცა უკრაინაში ადგილზე ნანახი მაინც ძალიან მძიმე იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ძალიან უჭირს იმ სიტყვის მოძებნა, რაც აღწერს ბუჩასა და ირპენში ნანახს, რადგან ეს იყო სისასტიკე, არაადამიანობა, გენოციდი და ყველაფერი ერთად.

„იქ საბრძოლო მოქმედებები, რა თქმა უნდა, აღარ მიმდინარეობდა, დაიბრუნა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, თუმცა ამ ქალაქებს აშკარად ეტყობოდა, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურება. მიზანმიმართულად იყო განადგურებული აფთიაქები, საბავშვო ბაღები, საცხოვრებელი კორპუსები. იმ დღეებში, იმ საათებში, ჩვენ რომ ჩავედით, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა საერთო სასაფლაოებიდან ექსჰუმაცია და იქვე ატარებდნენ ექსპერტიზებს. იყო მასობრივი დასაფლავების ადგილები, სადაც უბრალოდ უდანაშაულო ადამიანები იყვნენ დახოცილები. ძალიან მძიმე იყო და მით უმეტეს მძიმე იყო შესაფასებლად. მაშინაც და მერეც ჩემთვის კითხვა დაუსვამთ, თუ რა არის ეს? მე არ მაქვს ლექსიკონში ის სიტყვა, რომელიც მოკლედ და სხარტად აღწერს იმას, რაც მე ვნახე. ეს იყო ყველაფერი ერთად: ეს არის სისასტიკე, არაადამიანობა, გნებავთ გენოციდი, ტერორი, თუმცა გამოძიება იმ საათებშიც მიმდინარეობდა, ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები იქ იყვნენ და ეჭვი არ მეპარება ამას ძალიან მალე მკაფიო სახელი დაერქმევა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კითხვაზე, თუ რა ახსნა აქვს იმ ფაქტს, რომ დავით სერგეენკო რუსეთის ქმედებების შეფასებისას სიტყვა გენოციდს იყენებს, ხოლო ირაკლი კობახიძე კი თავს იკავებს, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „ეს არ არის პოზიციებს შორის განსხვავება, ეს არის იმ ადამიანის შთაბეჭდილება, რომელიც იქ იყო და თავის თვალით ნახა ყველაფერი“.

დავით სერგეენკოს თქმით, ის, რაც ბუჩასა და ირპენში ნახა, იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გენოციდი.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ დელეგაციის წევრები ვიყავით როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წევრები, იქ ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში როგორც ერთი გუნდი ისე ვიყავით, არანაირი სხვაობა არ იყო ჩვენს დამოკიდებულებასა და რეაქციას შორის იმაზე, რაც იქ ვნახეთ. რაც შეეხება ტერმინ გენოციდს, დამერწმუნეთ არავინ არ ერიდება ამ სიტყვის გამეორებას, გნებავთ კიდევ გავიმეორებ - გენოციდი. ამაზე ტაბუ არ არის. მე ხაზს ვუსვამ, მე იქ რაც ვნახე და რაც მოვისმინე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს გავლილი გვაქვს 90-იანებსა და 2008-ში, შემზარავი იყო. ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გენოციდი. ერთდროულად იყო სისასტიკე, არაადამიანური მოპყრობა, მიზანმიმართული განადგურება მშვიდობიანი მოქალაქეების. განადგურებაცაა და განადგურებაც, წარმოუდგენელი რაღაცები იყო. დამერწმუნეთ, ტერმინ გენოციდს არავინ არ ერიდება, ესეც არ არის რაღაც გრაალის თასივით, ვიტყვით თუ არა. მეხუთეჯერ ვიტყვი - გენოციდი, რაიმე შეიცვლება ამით? არანაირი პოზიციის სხვაობა არ არის ამაში, უბრალოდ თავისი წესი და რიგი აქვს ყველაფერს, ეს არის ან იურიდიული ტერმინი ან სახელმწიფომ უნდა აღიაროს. მე ამას გესაუბრებით როგორც ერთი ადამიანი, რომელიც იქ იყო და თავისი თვალით ნახა და მოისმინა ყველაფერი და გიდასტურებთ, რომ მორიდებით არავინ არ ერიდება და ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ ჩვენ რაღაც კომპრომისზე წავალთ საკუთარ ღირსებასთან თუნდაც იმისათვის, რომ რაც იქ ვნახეთ რეალურად ამას დავარქვათ თავისი სახელი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ გადაცემაში უკრაინაში ვიზიტისას განხილულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შეხვედრის ბოლოს გაუგებრობების უდიდესი ნაწილი დაიხურა“.

„დახვედრა იყო თბილი და კორექტული, ცალსახად იყო გამოხატული მასპინძლების მხრიდან მადლიერება ჩვენი ვიზიტის და ცალსახად იყო გამოხატული ქვეყნებს შორის მეგობრობის მნიშვნელობა. მადლიერნი იყვნენ, რომ ჩამოვიდა პარლამენტის დელეგაცია, რომელშიც მმართველი პარტიაც იყო და ოპოზიციაც და არა მხოლოდ მმართველი პარტია. ეს პოლიტიკაში აღიქმება როგორც ქვეყნის მხარდაჭერა. თუკი „ნაციონალური მოძრაობა" არ შეუერთდა ამ დელეგაციას, თუკი ვინმე დაზარალდა მხოლოდ ისინი არიან.

შემდეგი საკითხი იყო, რომ მათ სურდათ მკაფიოდ მოესმინათ, რომ საქართველო მკაფიოდ დაიცავს სანქციებს, რომელიც უკვე დაწესებულია და რა თქმა უნდა, მათ ეს ძალიან მკაფიო გზავნილი მიიღეს.

შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრის ბოლოს გაუგებრობების უდიდესი ნაწილი დაიხურა როგორც საკითხი, ხოლო თუკი დარჩა რაიმე ეს დარჩა მყარ საფუძველზე, რომ აუცილებლად მოგვარდებოდა. ეს იყო მთლიანად ამ შეხვედრის ლაიტმოტივი, დაიწყო თბილად და დასრულდა ძალიან თბილად“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებებს უკრაინის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „უკრაინა არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებს და თავის გადაწყვეტილებებზე, როგორც ყველა ადამიანი, ორგანიზაცია და ყველა ქვეყანა თვითონვე აგებს პასუხს.

„ჩვენი დამოკიდებულება, რომ ვის სად დანიშნავენ, მით უმეტეს მეგობარი და ომში მყოფი ქვეყნისთვის, უბრალოდ ზედმეტად მიმაჩნია. ნიშნავენ იმას, ვისაც ჩათვლიან საჭიროდ და ეს თემა ჩემთვის დახურულია“, - განაცხადა სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა