„ქართული ოცნება“ - ქართული ოცნება ჩვენთვის ორ უმთავრეს მიზანშია გამოხატული: პირველი - ერთიანი საქართველო, მეორე -  საქართველო კეთილდღეობის ევროპული ხარისხით

ქართული ოცნება ჩვენთვის ორ უმთავრეს მიზანშია გამოხატული: პირველი - ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობიანი გზით იბრუნებს არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებსაც და მეორე - საქართველო კეთილდღეობის ევროპული ხარისხით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პარტიამ დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაავრცელა.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.

"პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. თვისებრივად გაიზარდა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ხარისხი, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელებაა ოფიციალური განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ შედეგებისა, რომელიც ჩვენმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს 2012 წლის შემდეგ მოუტანა. ბუნებრივია, მიღწევებთან ერთად, იყო არაერთი შეცდომა და ხარვეზი. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, „ქართულ ოცნებას“ არასოდეს გადაუხვევია უმთავრესი პრინციპებიდან, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას უდევს საფუძვლად. ესენია - ღირსება, თავისუფლება და სოლიდარობა, პატრიოტიზმი და ეკლესიის პატივისცემა, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სწორედ ამ პრინციპებზე დააფუძნა ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა და ამით შექმნა მყარი საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული გარდატეხისა და საქართველოს ღირსეული განვითარებისათვის.

"ქართული ოცნება" ჩვენთვის ორ უმთავრეს მიზანშია გამოხატული: პირველი - ეს არის ერთიანი საქართველო, საქართველო, რომელიც მშვიდობიანი გზით იბრუნებს არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებსაც. ეს არის საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს ერთმანეთისადმი სიყვარული. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ოცნება ერთიან საქართველოზე აუცილებლად ახდება; მეორე - ეს არის საქართველო კეთილდღეობის ევროპული ხარისხით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში და ყველა ოჯახი ცხოვრების ღირსეული პირობებით არის უზრუნველყოფილი. დღეს, საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხი ეკონომიკის განვითარების ხარისხს მნიშვნელოვნად უსწრებს წინ, ასეთ დროს კი, საზოგადოების აღქმაში დემოკრატიასაც ნაკლები ფასი აქვს"- ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს