დღეს როგორც არასოდეს თქვენი მხარდაჭერა და ჩვენ ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ გვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, კონგრესმენების საქართველოში ვიზიტი გვიდასტურებს, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ყურადღების ქვეშ და „აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა რეალობაა“.
„მოხარული ვარ, რომ დღეს სწორედ ამ სასახლეში, სადაც 30 წლის წინ ამერიკის საელჩო გაიხსნა, აშშ-ის კონგრესის მაღალი დონის დელეგაციას ვმასპინძლობთ და მათთან ერთად ამ ოცდაათწლიანი ურთიერთობების შესახებ გამოფენასაც გავხსნით. ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ურყევი იყო თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობისადმი, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. საქართველომაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენთან ერთად შეიტანა თავისი წვლილი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში და ღირსეულად შეასრულეს ქართველებმა თავიანთი მისია ავღანეთსა და ერაყში. დღეს როგორც არასოდეს თქვენი მხარდაჭერა და ჩვენ ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ გვჭირდება საქართველოს. თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოს და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა რეალობაა. საქართველო რჩება თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.