სერგი კაპანაძე - თუ პუტინმა მარიუპოლის დაპყრობა მოახერხა, ეს იქნება იმის შედეგად, რომ იქ ყველაფერს გაანადგურებს  და ყველას მოკლავს

როცა ომი დაიწყო, უკრაინას ცუდი შანსები ჰქონდა, იმიტომ, რომ ასეთ არმიასთან გამკლავება არ ითვლებოდა შესაძლებლად, მაგრამ იმის მერე, რაც კიევის ფრონტი მოიშალა, ოდესაში ვერაფერი გააწყვეს, ხარკოვი ვერ აიღეს და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაზე არის ახლა აქცენტი, უკრაინის შანსები ერთი-ორად გაიზარდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ორგანიზაცია "გრასის" დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები არ იქნება, რადგან არცერთ მხარეს არ აწყობს.

„მე მგონია, რომ რუსეთს ამ წუთში მოლაპარაკების ინტერესი არ გააჩნია. მან ან სიტუაცია უნდა გადატეხოს მარიუპოლში ან მცდელობის მიუხედავად ვერ მოერიოს იქ გამაგრებულ „აზოველებს“. მე მგონია, რომ არანაირი მოლაპარაკება არ იქნება მანამ, სანამ ეს ეპიზოდი არ გადაწყდება.

საბოლოო ჯამში ეს ომი დამთავრდება აუცილებლად მოლაპარაკებით ისევე, როგორც ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებით, მაგრამ ამ ეტაპზე მე არ მგონია, რომ რაღაც მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს ან რომელიმე მხარეს აწყობდეს. რუსეთს არ აწყობს იმიტომ, რომ ახლა მოლაპარაკებები ნიშნავს დათმობებზე წასვლას. უკრაინას არ აწყობს იმიტომ, რომ მან ტერიტორია უნდა გაათავისუფლოს. მე მგონია, რომ ახლა მოლაპარაკებებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. პუტინს ამ წუთში, ამ სტატუს-კვოში წარმატების შენარჩუნების შანსი არ აქვს, მას სჭირდება როგორც მინიმუმ ფრონტი გააერთიანოს აღმოსავლეთში. კიდეც რომ მარიუპოლი დაიპყროს, ეს არ არის მისთვის წარმატება. რა გამოვიდა ჯამში, რომ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიც კი ვერ გააფართოვა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებამდე? მე მგონია, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში, შეიძლება კვირაშიც, მოლაპარაკება არ იქნება. ან თუ იქნება, წარმატებული არ იქნება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, პუტინის განცხადება, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსი სამხედროები არ უნდა შევიდნენ, დიამეტრულად განსხვავებული შედეგით დამთავრდება, რადგან ეს მისთვის ჩვეული პროპაგანდისტული განცხადებაა.

სერგი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მარიუპოლში რაიმე აკრძალული იარაღიც გამოიყენოს.

„ასეთ საკითხებზე პუტინის განცხადებები, როგორც წესი, დიამეტრულად განსხვავებული შედეგით მთავრდება ხოლმე. მე მგონია, რომ მისი განცხადება არის ნიშანი იმისა, რომ ძალიან მალე მიიტანენ კიდევ უფრო დიდ შეტევას და შეიძლება იქ რაღაც აკრძალული იარაღიც გამოიყენონ. პუტინი ის ადამიანია, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში არ შეიჭრებოდა და მერე შეიჭრა. ეს არის პროპაგანდისტული განცხადება.

გუშინ ჩანაწერი გამოქვეყნდა, პირდაპირ ბრძანება აქვთ, რომ მასიურად მოკლან უკრაინელი სამხედროები, მათ შორის დაჭრილები. თუ მან მოახერხა, რომ მარიუპოლი დაიპყრო, ეს იქნება იმის შედეგად, რომ მართლა ყველაფერს გაანადგურებს იქ და ყველას მოკლავს, ვინც არის დარჩენილი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო