კახა კახიშვილი - საერთაშორისო არენაზე მითხარით ერთი განცხადება, ერთი მოქმედება, ან ერთი უმოქმედობა, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ უკან დაიხია, სადაც სათქმელი იყო და არ თქვა

საერთაშორისო არენაზე მითხარით ერთი განცხადება, ერთი მოქმედება ან ერთი უმოქმედობა, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ უკან დაიხია და სადაც სათქმელი იყო და არ თქვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ უკრაინის მიმართ ხელისუფლების მხარდაჭერაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით უკრაინას ყველგან მხარს უჭერს.

„პრემიერის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით შესაძლებელია, რაღაც ტიპით გადმოცემა იყო მტკივნეული, მაგრამ მეორეა - საქმე. საქმით ხომ ხელისუფლებამ აჩვენა, რომ სადაც ბედი წყდებოდა, მხარდაჭერა - არ მხარდაჭერის და ხმის მიცემა-არმიცემის საკითხებს ვგულისხმობ, სადაც საერთაშორისო ინსტიტუციებში საქართველოს ოფიციალური დელეგაცია იღებდა მონაწილეობას, ყველგან დავუჭირეთ მხარი. უპრეცედენტო მხარდაჭერა იყო, თუნდაც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, უპრეცედენტო მხარდაჭერა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტა სახელმწიფომ მოახდინა ამდენი ადამიანის კონსოლიდაცია.

საერთაშორისო არენაზე მითხარით ერთი განცხადება ან ერთი მოქმედება ან ერთი უმოქმედობა, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ უკან დაიხია და სადაც სათქმელი იყო და არ თქვა.

საქართველოდან ელჩის გამოწვევა ჩემთვის გაუგებარია მაშინ, როდესაც არც ისრაელი შეუერთდა სანქციებს, არც მოლდოვა, არც აზერბაიჯანი, არც სომხეთი და არც სხვა ჩვენი მეზობლები. ელჩის მხოლოდ საქართველოდან გაწვევა მაშინ, როდესაც უპრეცედენტო მხარდაჭერა იყო ადამიანების მხრიდან რუსთაველის გამზირზე, ჩემი აზრით, იყო ცოტა ემოციური. თუნდაც უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ტრაგედიას, ომს და ხორცის საკეპ მანქანას გამოექცნენ, მათ სჭირდებათ საელჩო, რომ უპატრონოს თავის მოქალაქეებს და ეს რა ჟესტი იყო ჩემთვის გაუგებარია, თუმცა ჩვენ აქედან რომ ვლაპარაკობთ, ძალიან ადვილია. მე მესმის ის ემოციები და ძალიან მძიმე ვითარება, რომელიც უკრაინის ეპიცენტრში ხდება და რა თქმა უნდა, ამიტომაც ახლა რეალურად ამაზე არც გვინდა საუბარი. იქ არაფერს არ ვხედავდეთ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რაღაც თქვა და მაგაზე ორი წელი ვილაპარაკოთ, თქვა შეიძლება ემოციურად და ვიღაცამ არასწორად აღიქვა და არ მოეწონა, მესმის, მაგრამ პრემიერი ხელმძღვანელობს ყველაფერს და საქმით სადმე დაიხია ხელისუფლებამ პრემიერის თამადობით? - არსად არ დაიხია, ყველგან გააკეთა გასაკეთებელი“, - განაცხადა კახიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო