ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანაში

ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გადაყვანისთვის მზაობას ღიად აცხადებენ საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაც ესმით, რომ ეს არის ერთადერთი გონივრული და სწორი გამოსავალი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„ყველა გონიერ ადამიანს, რომელსაც საქართველოს საუკეთესო ინტერესი აქვს მხედველობაში, კარგად ესმის, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავს. სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანას ევროპული მომავალი ვერ ექნება, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს პრეზიდენტი სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანაში. ამის მზაობას ღიად აცხადებენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ ესმის, რომ ეს არის ერთადერთი ნორმალური, გონივრული და სწორი გამოსავალი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მან ასევე შეაფასა NDI-ს კვლევის შედეგები. დეკანოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოსაზრება, რომ უსაფრთხოების გარანტია სწორედ ევროატლანტიკურ კურსში მდგომარეობს, რისი რეალიზების პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია.

"NDI-ს კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანია გაზრდილი მოსაზრება, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს და ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია მდგომარეობს სწორედ ევროატლანტიკურ კურსში. ეს ნათლად ასახავს ქართველი ხალხის პრიორიტეტს, მაგრამ ამის რეალიზების უნარი და პოლიტიკური ნება არ გააჩნია „ქართულ ოცნებას“. მნიშვნელოვანია ოპოზიცია კონსოლიდირდეს და ქართველი ხალხის ნების რეალიზება მოახდინოს ალტერნატიული მთავრობის მეშვეობით, დემოკრატიული არჩევნების გზით“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება ბოიკოტის ნიშნად საპარლამენტო ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვებას, დეკანოიძის თქმით, ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც უნდა კონცენტრირდნენ.

„ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი რომელზეც უნდა ვკონცენტრირდეთ. უსასრულო დისკუსია ამ საკითხზე გვაშორებს მიზნებს, რომელიც არის გაცილებით უფრო სერიოზული ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა