ირაკლი ქადაგიშვილი დავით არახამიაზე - საბოლოო ჯამში, მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას ახერხებენ

დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას ახერხებენ, - ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, უკრაინის მმართველი პარტიის „სლუგა ნაროდას“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს დავით არახამიას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის შეფასებით, დავით არახამიას განცხადებებმა თვითლუსტრაციის როლი შეასრულა და მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ „ის არის მოკავშირე რგოლი და მაკოორდინირებელი, ვინც ომის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და უკრაინის ხელისუფლების ამდაგვარ ნაწილს აერთიანებს“.

ქადაგიშვილის აზრით, არახამია დაკავებულია იმით, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები დაიძაბოს და ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდეს.

„როგორც კი შედგა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში და ყოველივე ეს გაუგებრობების დასასრულის მომასწავებელი იყო, მაშინვე ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკე შესრულებული ვიზიტი და ამ ვიზიტის შედეგად გაკეთებული განცხადებები, სადაც კიდევ ერთხელ, ყოვლად უსაფუძვლოდ და სრულიად დამაზიანებლად ადანაშაულებს საქართველოს რუსეთის მომარაგებაში. ამ პირობებში, თუ ვინმეს ინტერესებში შედის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვა და გაფუჭება, სწორედ რუსეთია. ამას ემსახურება არახამიას განცხადებები და ქმედებები. კარგი იქნება თუკი თავად უკრაინელები მიხვდებიან, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს. საქართველო უკრაინასთან ურთიერთობაში არის მართალი და გულწრფელი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი დავით არახამიას რუსულ კავშირებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას რუსული პასპორტი ჰქონდა.

„მის მიერ დანიშნული ადამიანებს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, რუსული პასპორტები ჰქონდათ, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა დროს რადაში დიდი აჟიოტაჟი იყო ხოლმე. როგორც ჩანს, მან კრემლის მუშაობის სტილი კარგად იცის. ჩვენ ნურაფერს დაგვაბრალებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დავით არახამიამ “მთავარი არხის“ ეთერში განმარტა, რატომ არ შეხვდა კიევში ჩასულ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას. როგორც არახამიამ აღნიშნა, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ეს საჭიროდ არ ჩათვალა. მისივე თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები უკრაინას მხარს ფასადურად უჭერენ.

„იმ განცხადებების შემდეგ, რაც მათ გააკეთეს, ამ ადამიანების ნახვის აზრს საერთოდ ვერ ვხედავდი. ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგან ვიცოდი, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია. მანამდე ვკითხულობდი ჩვენი საგარეო დაზვერვის შეფასებას, ვნახულობდი ვინ რა განცხადებებს აკეთებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვათ და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართული.

იმისთვის, რომ რეალურად იყო ჩართული, ის სანქციები უნდა დაიცვა, რომელსაც მთელი მსოფლიო რუსეთს ადებს. მთელი ევროკავშირი ამბობს, არ გვინდა რუსებს ანგარიშები გავუხსნათ ბანკში და საქართველოში ბანკები მათ სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს. ხოლო რუსი ბიზნესმენები ხსნიან და არეგისტრირებენ ბიზნესებს საქართველოში“, - განაცხადა დავით არახამიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს