კანონპროექტი, რომელიც რუსეთის აგრესიული სიმბოლიკის აკრძალვას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს 26 აპრილის სხდომაზე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის განდიდებაზე, გამართლებასა და მხარდაჭერაზე ფულადი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები - სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი არიან.

პროექტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, უკრაინის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული აგრესიის განდიდება, გამართლება ან მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით, რაც გამოიხატება, მათ შორის წმინდა გიორგის სახელობის ნარინჯისფერ-შავ ზოლებიანი ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების „Z“ და „V“ სიმბოლოების დამზადება, შემოტანა, გავრცელება, გამოყენება ან ტარებაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა - 5 000 ლარით.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ფიზიკური პირი 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, მასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული, დაფინანსებული და წახალისებული ჯგუფები მოქმედებენ, რომლებიც ღიად განადიდებენ, ამართლებენ ან მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და მისგან გამომდინარე სხვა საერთაშორისო დანაშაულებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო მანქანა უკრაინაში სჩადის.

მათი განცხადებით, ამგვარი აქტები ვლიდება როგორც ვერბალურ მხარდაჭერაში, ისე ე.წ. “სიმბოლურ მეტყველებაში“, რის მაგალითსაც ნარინჯისფერ-შავი ზოლებით შეფერადებული ე.წ. წმინდა გიორგის ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების „Z“ და „V“ საჯარო თავშეყრის ადგილებში დემონტრაცია წარმოადგენს.

“ეს ნიშნები მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც ზოგადად რუსეთის აგრესიული, ექსპანსიონისტური პოლიტიკის, ისე კონკრეტულად უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული და წარმოებული აგრესიული ომის მხარდაჭერის სიმბოლოები.

მათი საჯაროდ ჩვენება უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დანაშაულების გამართლების ტოლფასია. ამასთანავე, ეს არის მუქარა იმისა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, შეიძლება საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც განმეორდეს. მსოფლიოში დაწყებულია საკანონდებლო პროცესები, რომელთა მიზანს ამგვარი სიმბოლოების გამოყენების აკრძალვა წარმოადგენს. კერძოდ, ზემოაღნიშნული სიმბოლოების გამოყენება აკრძალულ იქნა საკუთრივ უკრაინაში, ლატვიაში, მოლდოვაში, გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს