გიორგი მარგველაშვილი - 100%-ით ტყუილია, ხუმრობითაც კი არავის შემოუთავაზებია თავმჯდომარეობა - „ყურით მოთრეული“ ამბის ამოგდებამ ნათლად აჩვენა, რომ რაღაცის გადაფარვა უნდათ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უარყოფს ცალკეულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსს“ სატელეფონო კომენტარში განუცხადა, მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა და თავადაც არ განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას.

„აბსოლუტური ტყუილია. არსებობს ტყუილები, რომელშიც 1% სიმართლეა, ეს 100% ტყუილია, ანუ, არც განხილვა, არც კონსულტაცია, არც შემოთავზება, ხუმრობითაც კი არავის შემოუთავაზებია. ბუნებრივია, ჩემი პოზიციაც არანაირად არ ყოფილა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობა წევრობაზე, თავმჯდომარეობაზე ან ასე შემდეგ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც მან განმარტა, მასსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა მაშინ, როდესაც რამდენიმე თვის წინ მათ შორის შეხვედრა შედგა.

„მე და მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი საერთოდ არ გვქონია, მაგრამ, ამაშია ამ კონკრეტული ტყუილის განსაკუთრებული სახე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ნამდვილად ვისაუბრეთ უკრაინაზე და უკრაინა ზეპარტიული თემაა. ძალიან საინტერესო სანახავი არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ პარტიაზე მაღლა და პარტიის გარდა არსებობს რამე. არ ესმით, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არსებობს. არ ესმით, რომ არსებობს უკრაინის გმირული ბრძოლა, არაფერი იციან, მარტო პარტია, ამ ადამიანებს ვერც გააგებინებთ“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვარაუდით, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო თავმჯდომარეობის თაობაზე მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის სავარაუდო ჩანაწერების თემის გადაფარვის მცდელობა იყოს.

„ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, აბა, ახლა საიდან შეიძლება ადამიანს დაესიზმროს, რომ ვიღაცამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შემომთავაზა. ნათლად ატყობთ, რომ ასეთ შემთხვევებს რაღაც ახსნა აქვს და ახსნის ყველაზე თვალნათელი მაგალითია ის, რომ გუშინ ისეთი სკანდალური თემა გავრცელდა, რომელიც საქართველოს ფარგლებს სცდება და საერთაშორისო პრობლემების რანგში გადის. ეტყობა, ამ პროპაგანდისტულმა, კრეატიულმა ჯგუფმა გადაწყვიტა ასეთი ახალი ამბით ამ თემის გადაფარვა. თუმცა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამით კიდევ უფრო გაარღმავეს ჩანაწერებზე აქცენტი, რადგან აბსოლუტურად „ყურით მოთრეული“ ამბის ამოგდებამ ნათლად აჩვენა, რომ მათ რაღაცის გადაფარვა უნდათ და ეს რაღაც არის გუშინდელი ამბავი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. არხის ცნობით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა