ირაკლი ბერაია - მომავლის ნატო-ს, რომელიც დგას ახალი გამოწვევების წინაშე, სჭირდება ისეთი პასუხისმგებლიანი და ძლიერი მოკავშირე, როგორიც საქართველოა

იმ პირობებში, როდესაც საფრთხის წინაშე დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, როდესაც რუსეთის ფედერაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბრუტალურ ომს აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ, გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ალიანსის გაფართოება, მასში საქართველოს ინტერგრაცია - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომის გახსნისას განაცხადა, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას დახურულ ფორმატში უსმენენ.

მისივე თქმით, მომავლის ნატო-ს სჭირდება ისეთი პასუხისმგებლიანი და ძლიერი მოკავშირე, როგორიც საქართველოა.

„დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და მისი სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა. კოლომინა უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ასევე მოგვეცა მისი მასპინძლობის საშუალება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კოლომინას ვიზიტს, მისი პორტფელიდან გამომდინარე და ის, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს ასევე სტუმრობა ალიანსის ორი მაღალი რანგის წარმომადგენელი დევიდ კეტლერი და ჯეიმს აპატურაი, ხაზს უსვამს საქართველოს პარტნიორობის დინამიკას. ნატო-საქართველოს ურთიერთობები დღეს არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის ღირებულებზე დაფუძნებული არჩევანი, ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. ნატო-ს ასპირანტი და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი საქართველო ფლობს ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და როგორც ჩვენი ნატოელი მეგობრები ამბობენ, ბევრად მეტს აკეთებს ამ ინსტრუმენტებით, ვიდრე სხვა პარტნიორები“, - განაცხადა ბერაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ემყარება ქართველი ხალხის ნებას და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპებისადმი ერთგულებას.

„ეს ეფუძნება მსოფლიოში თავისუფლების და დემოკრატიის არამხოლოდ განმტკიცების სურვილს, არამედ შესაძლებლობასაც და საქართველოს მიერ საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვან გამოცდილებას. ჩვენს ქვეყანას, პარტნიორობის ეტაპზე ცალკეულ მოკავშირეებზე მეტი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და მორეაგირე ძალებში მონაწილეობით შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩართულობით, საქართველო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია. ნატო-ს გენერალურ მდივანს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოსთან პარტნიორობით ყველა გრძნობს თავს უსაფრთხოდ და დაცულად. აუცილებელია საქართველო დაწინაურდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რასაც განაპირობებს არამხოლოდ საქართველოს პროგრესი, არამედ მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოც. იმ პირობებში, როდესაც საფრთხის წინაშე დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, როდესაც რუსეთის ფედერაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბრუტალურ ომს აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის, შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების შემდგომი გაძლიერება და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ალიანსის გაფართოება, მასში საქართველოს ინტეგრაცია. მომავლის ნატო-ს, რომელიც დგას ახალი გამოწვევების წინაშე, რომელიც ახალი ხედვის თანახმად უნდა იყოს უფრო ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით, უფრო კონსოლიდირებული პოლიტიკურად და ჰქონდეს მეტი გლობალური შესაძლებლობები, სჭირდება ისეთი პასუხისმგებლიანი და ძლიერი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. რუსული აგრესიის საპასუხოდ ჩვენ მივესალმებით მოკავშირეების გადაწყვეტილებას მზადყოფნის შემდგომი გაძლიერების და აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძალების განლაგების შესახებ“, - განაცხადა ბერაიამ.

მისივე თქმით, მომეტებული საფრთხეების შესაკავებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვასა და ჰაერშიც.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის და ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის მიმართ მედეგობის გაძლიერებაში მხარდაჭერის გაზრდა. ამ კუთხით, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოკავშირეების გადაწყვეტილებას 6-7 აპრილს მინისტერიალზე საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდის თაობაზე. მაგრამ უპირველესი, უალტერნატივო და ყველაზე ქმედითი ნაბიჯი რაც შემჭიდროებულ ვადებშია გადასადგმელი, ეს არის ნატო-ს გაფართოება და თავისუფალი დემოკრატიების ალიანსის უსაფრთხოების გარანტიებით დაზღვევა და გადაფარვა. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მხრიდან ღია კარის პოლიტიკის და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, მივესალმებით იმის ხაზგასმას, რომ დაუშვებელია მსოფლიოს გავლენების სფეროებად დაყოფა, რომ ყველა სახელმწიფო თავად წყვეტს აირჩიოს ალიანსები და ვერცერთი მესამე ძალა ამას ვეტოს ვერ დადებას და რომ ალიანსი აგრძელებს მისი მოქმედების პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან კოორდინაციას. ჩვენი მთელი ყურადღება მადრიდზეა ფოკუსირებული და გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ მადრიდის სამიტის კომუნიკეში და ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში სათანადოდ აისახება საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ბუქარესტს 2008 წლის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის ნაბიჯები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გენერალური მდივნის თანაშემწის ვიზიტს საქართველოში“, - განაცხადა ბერაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო