პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) პრეზიდენტ ფრანჩესკო როკას შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა IFRC-ისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობაზე საქართველოში, მათ შორის, COVID-19-ით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად. განსაკუთრებით აღინიშნა მათი როლი სოციალურად დაუცველთა და ხანდაზმულთა ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით. აქვე საუბარი შეეხო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას IFRC-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

საუბარი შეეხო IFRC-ის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია, კონფერენციამ მოიტანოს ხელშესახები შედეგები, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების კუთხით.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა გამოხატულია, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია.

შეხვედრას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ზონის უფროსი ბირგიტ ბიშოფ ებესენი, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს