სახალხო დამცველის რეკომენდაციაა შედგეს ექიმების ჯგუფი, რომლებიც იმსჯელებენ როგორ, სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, იყო ბევრი სპეკულაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა, ინფორმაცია, რომელიც ექიმებისგან მიიღო, ნამდვილად შემაშფოთებელი და კრიტიკულად მძიმეა.

როგორც სახალხო დამცველმა ბრიფინგზე განაცხადა, მისი რეკომენდაციაა შედგეს ექიმების ჯგუფი, რომლებიც იმსჯელებენ როგორ, სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და შესაბამისად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ამასთან, ლომჯარიას განცხადებით, თუ სახელმწიფო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და სახეზე გვექნება ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა.

„ცალკეული რეკომენდაციები, რომელიც გავეცით შესრულებულია იანვრის შემდეგ, თუმცა ძირითადი რეკომენდაციები მის ფსიქო- ფიზიკურ რეაბილიტაციას თან დაკავშირებით ვერ და არ შესრულდა. ამის. გამო სიტუაცია დამძიმებულია და ამან დააყენა ის მძიმე ვითარება, რაც დღეს გვაქვს. თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა არის სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობა. ჩვენ დინამიკაში ვხედავთ, რომ მის მკურნალობასთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები არ შესრულდა, ძალიან დამძიმდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და არის ძალიან მძიმე პროგნოზი იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება მისი გარემო, თუ არ შეიცვლება სამედიცინო მომსახურების ფორმები, სტრატეგია. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება სახელმწიფომ თავისი ვალდებულება და რეკომენდაციები შეასრულოს და მიაწოდოს პაციენტს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება. მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტსაც, რომლის ადმინისტრაციას და პირადად პრეზიდენტსაც აქვს დაინტერესება ამ საკითხის გარშემო. ვფიქრობ, უნდა შედგეს ექიმების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც იმსჯელებენ. როგორ, სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო პაციენტის მკურნალობა და შესაბამისად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. საქართველოში იქნება მკურნალობა საჭირო თუ საზღვარგარეთ, ეს გადაწყვეტილება ექიმებმა უნდა მიიღონ. დღეს იმ პირობებში და გარემოში, სადაც სააკაშვილია, არ მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი მდგომარეობა უარესდება. თუ სახელმწიფო არ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და სახეზე გვექნება კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. ეს იქნება ძალიან მძიმე ტვირთი სახელმწიფოსთვის და არა მარტო ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, ნამდვილად რთული ვითარებაა და მინდა ეს ყველამ გააცნობიეროს. საჭიროა დროულად მოქმედება და გადაწყვეტილების მიღება ", - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას განცხადებით, შესაძლებელია მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეიძლება სასჯელის მოსახდელად მისი გადაცემა სხვა ქვეყნისთვის, ასევე შესაძლებელია შეწყალება, ან პენიტენციურმა დაწესებულებამ უზრუნველყოს მისი მკურნალობა, ხოლო სახელმწიფომ შესაბამის გარემოში მკურნალობა შესთავაზოს.

„ბევრნაირი გზა არსებობს. ვერ ვიტყვით, რომ სამართლებრივი გამოსავალი არ არსებობს. ნებისმიერი ხერხი შეუძლია გამოიყენოს სახელმწიფომ და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს იყო კონსილიუმი შექმნილი და სახელმწიფოს შეუძლია იგივე ჯგუფი გამოიყენოს, ასევე შესაძლებელია ექიმების დამატებაც. მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ დისკუსიაში. ვფიქრობ, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული არა პოლიტიკურად, არამედ, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, ვინაიდან პატიმარი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჯერჯერობით, თუ ვითარება არ შეიცვალა, მიხეილ სააკაშვილის მონახულება ომბუდსმენის ექიმთა კონსილიუმის მიერ არ იგეგმება, არც ვიზიტებს ინტენსივობაა განსაზღვრული.

იხილეთ ვიდეო:სახალხო დამცველის რეკომენდაციაა შედგეს ექიმების ჯგუფი, რომლებიც იმსჯელებენ როგორ, სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა