არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს მესამე პრეზიდენტს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს

არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რითაც ისინი მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება დაუყოვნებლივ გაეწიოს.

ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნულ საკითხში უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილების ნებისმიერი მოტივი და ინსტიტუციებმა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით უნდა იხელმძღვანელონ.

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული, მას აღენიშნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

შესაბამისად, პატიმარს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილების ნებისმიერი მოტივი და შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კი, გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისგან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სასამართლოს გუშაგი ( Georgian Court Watch), პრევენცია პროგრესისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), პარტნიორობა ადამინის ულფებებისთვის (PHR), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადამინის უფლებათა ცენტრი (HRC), კავშირი საფარი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და მწვანე ალტერნატივა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო