28 აპრილი სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით - „შრომის უსაფრთხოება და უფლებები საქართველოში“ ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა. როგორც მინისტრმა განაცხადა 2021 წელს, წინა წლებთან შედარებით სამჯერ არის შემცირებული სამუშაო ადგილებზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. კონფერენციაზე ქვეყანაში შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მიღწეული შედეგები განიხილეს.
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განხორციელებული ინსპექტირებების ანალიზი და სამსახურის სამომავლო გეგმები წარადგინა. ბოლო წლების განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაძლიერდა შრომის ინსპექციის სამსახური. გაზრდილი მანდატის ფარგლებში უწყებას მიეცა შესაძლებლობა ზედამხედველობა განახორციელოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, იძულებითი შრომა, შრომითი ექსპლუატაცია და სხვა. შეხვედრას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ევროკავშირის დელეგაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სხვა საერთაშორისო და სოციალური პარტნიორები ესწრებოდნენ.