ვახტანგ კაპანაძე - აუცილებელია საქართველომ გამოიყენოს მომენტი და დასავლეთიდან დამატებითი აღჭურვილობის მოთხოვნა და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაზარდოს

ვითარება რთულია, თუმცა ამ ეტაპისთვის, რუსებმა ვერ შეძლეს ვერცერთი თავიანთი ამოცანის შესრულება, - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა, ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ომის ამ ტემპებით რუსეთი დონბასის დაჯგუფების სრულ ალყას და მის განადგურებას ვერ შეძლებს.

„ვითარება არ არის მარტივი, რთულია, თუმცა ომის მეორე ფაზიდან 10 დღეა გასული და ბრძოლებმა აჩვენა, რომ რუსებმა ვერ შეძლეს ვერცერთი თავიანთი ამოცანის შესრულება ამ ეტაპისთვის. დაწყებული მარიუპოლიდან, შემხვედრი რკალის ორგანიზებით, რითაც შეეძლოთ დონბასის დაჯგუფება ალყაში მოექციათ და შემდეგ ეფიქრათ მათ განადგურებაზე, ეს რკალიც ვერ მოხერხდა.

არსებობს ოცნება და არსებობს რეალობა. ის რომ დონბასში ღრმა ალყა არ განხორციელდება იმ ტემპებით, როგორც ახლა ომი მიმდინარეობს, ეს ფაქტია, ამაში დარწმუნებული ვარ. რუსეთი მცირე ტაქტიკური ალყების მეშვეობით შეეცდება დაჯგუფებას მცირე-მცირე ნაწილები ჩამოაცილოს“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, უკრაინას შეუძლია რუსეთს საომარი მოქმედებებით „აბსოლუტურად აუნაზღაურებელი“ ზარალი მიაყენოს.

„მე მიმაჩნია, რომ უკრაინას აბსოლუტურად აქვს შესაძლებლობები ამ საომარი მოქმედებებით რუსეთს მიაყენოს აუნაზღაურებელი ზარალი და აქ არ იყოს საჭირო მესამე მსოფლიო ომის დაწყება, ვინაიდან დასავლეთი და მთელი მსოფლიო უკვე ჩართულია, ეხმარებიან უკრაინას, არა ძალით, არამედ ტექნიკური შესაძლებლობებით, მატერიალური საშუალებებით. მე ვთვლი, რომ დიდი, მესამე მსოფლიო ომის ტიპის დაპირისპირება არ იქნება. ერთი რუსეთის მიმართ არ შეიკვრება მთელი მსოფლიო, თუკი რუსეთი არ გადაკვეთს „წითელ ხაზს“, რაც ბირთვულ იარაღს ეხება“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძემ გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველომ გამოიყენოს მსოფლიოში არსებული ვითარება და დასავლეთს დამატებითი აღჭურვილობა მოსთხოვოს.

„აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია გამოვიყენოთ ეს მომენტი და გავზარდოთ დახმარების მოთხოვნა დამატებითი აღჭურვილობის, რასაც ვიღებთ დასავლეთიდან. საჭიროა საქართველოს თავდაცვის გაძლიერება, რაც ასევე მოითხოვს ბიუჯეტის გაზრდას. დალოდებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გადაწყვეტილი ეს საკითხი და გაიზარდოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა