გივი მიქანაძე - საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში სრულ წარმოდგენას იძლევა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ

რეზოლუციის პროექტი იძლევა სრულ წარმოდგენას იმ მიღწევების თაობაზე, რასაც ადგილი აქვს საქართველოში - გამოვთქვამთ სრულ მზაობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებასა და ევროპის საბჭოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშს გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PAჩE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს, ტიტუს კორლატეანს და კლოდ კერნს დოკუმენტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა.

გივი მიქანაძემ რეზოლუციის პროექტში ასახულ ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და მოცემული რეკომენდაციების შესრულების მიმართ მტკიცე მზადყოფნა დაადასტურა.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარებას ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის პროექტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული პროცესის გაძლიერებასა და ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებლობას. ის მოიცავს საქართველოში სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემით პარლამენტის არჩევას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე განხორციელდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას.

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტი შეესაბამება ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ არჩევნები ჩატარდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად",- განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების" ინიციატივით, 2021 წლის თებერვალ-ივლისის პერიოდში, პარლამენტში შეიქმნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. თუმცა, მიუხედავად მმართველი გუნდის მხრიდან არაერთი შეთავაზებისა, ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს.

„მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ მონაწილეობა მიეღოთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ან წარმოედგინათ მტკიცებულებები მათ მიერ გაყალბებულად შერაცხულ არჩევნებზე, მათი მხრიდან არანაირ გამოხმაურებას ადგილი არ ჰქონია. კომისიამ, რომელიც „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიის „ევროპელი სოციალისტების" წევრებისაგან შედგებოდა, ჩაატარა მაქსიმალურად გამჭვირვალე გამოძიება.

შედეგად, პარლამენტმა მიიღო დადგენილება და რეზოლუცია, რომლის თანახმად, გამოიკვეთა რიგი ტექნიკური შეცდომებისა, რაც გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე და რომ არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და მისი შედეგები სრულად ასახავდა ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას",- აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

სიტყვით გამოსვლისას, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღების მნიშვნელობა, რაც, მისივე თქმით, კონკრეტული პოზიტიური შედეგებით გამყარებული საპარლამენტო კონტროლის ძლიერი ინსტრუმენტია.

„ახალ რეგლამენტში წარმოდგენილია მინისტრის საათი, ინტერპელაცია და სხვა საზედამხედველო მექანიზმები, რაც ამოქმედების დღიდან, პარლამენტის მიერ პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგა.

რეზოლუციის პროექტი მიესალმება საქართველოს მზაობას, აღმოფხვრას კორუფცია და წაახალისოს ხელისუფლება, გააგრძელოს ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, შვეიცარული ორგანიზაციის- „გლობალური რისკების პროფილი" მიერ შედგენილი 2021 წლის „გლობალური ანტიკორუფციული ინდექსის" მიხედვით, საქართველომ გააუმჯობესა საკუთარი მიღწევები, 9 საფეხურით გადაინაცვლა წინ და იკავებს 41-ე ადგილს 196 ქვეყანას შორის. ამ მხრივ, საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს 9 წევრ ქვეყანას. რეზოლუციის პროექტი იძლევა სრულ წარმოდგენას იმ მიღწევების თაობაზე, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. მიუხედავად ამისა, გამოვთქვამთ სრულ მზაობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებასა და ევროპის საბჭოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა