დავით უსუფაშვილი - თურმე მამუკა ხაზარაძე შეკრული ყოფილა ვიღაც ხალხთან და ისეთი ბრმა, ყრუ და უაზროა, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებოდა არჩევნების წინ - ეს არის ბოდვა და კობახიძეს ელანდება

მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების ხელში ასაღებად. ჩამოვიდა არასწორ დროს, ჩამოვიდა არასწორი გეგმით და ა.შ. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების ბრალდებას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში „მეორე ფრონტის გასახსნელად“ ჩამოვიდა, „ბოდვას“ უწოდებს.

„თურმე „ლელო“ და მისი ლიდერი ხაზარაძე 8 თვის წინ ვყოფილვართ შეკრული ვიღაც ხალხთან, რომელიც საქართველოშიც მეორე ფრონტის გახსნას აპირებდა ანუ რა, უკრაინაში ომის დაწყებას აპირებდნენ? მთელი გონიერი მსოფლიო შეთანხმებულია, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, ვინ არის აგრესორი და ვინ გეგმავდა უკრაინაში შეჭრას, ირაკლი კობახიძისთვის ეს ყველაფერი სხვანაირადაა. 8 თვის წინ თურმე უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ხალხი აგზავნის აქ ყოფილ პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძე ასეთი ბრმა, ყრუ და უაზროა, რომ 8 თვის წინ რუსეთთან ომისთვის ემზადებოდა არჩევნების წინ. ამის მთქმელ ადამიანს ამის შემდეგ როგორ შეიძლება რამე დაუჯერო, ან ეპაექრო, ან კომენტარი გააკეთო? საინფორმაციო სივრცის გადაფარვას ცდილობენ, სამწუხაროდ, ხშირად წარმატებით ახერხებენ.

ეს არის მხოლოდ ავადმყოფური აზროვნების შედეგი. ვინმესთვის რამე სიახლეა, რომ ეს კაცი ჩამოვიდა ხელისუფლებაში მოსასვლელად? აბა, ამდენი ხანი რაზე ლაპარაკობდა, რისთვის ემზადებოდა? მას პირველი ფრონტი და მთავარი ფრონტი ჰქონდა აქ ივანიშვილთან და ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების ხელში ასაღებად. ჩამოვიდა არასწორ დროს, ჩამოვიდა არასწორი გეგმით და ა.შ. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, მე ასე ვთვლი. მე მივესალმე მის აქ ჩამოსვლას? არ მივესალმე, მაგრამ მგონია, რომ ის აქ ჩამოვიდა ომის გასაჩაღებლად? ეს არის ბოდვა იმიტომ, რომ ომი გააჩაღა პუტინმა და სხვა გამჩაღებელი არც საქართველოში ვიცი და არც უკრაინაში, მაგრამ კობახიძეს ვიღაცები ელანდება ასეთად.

პრემიერი მიდის და უკრაინელ ბავშვებს ეფერება, საკუთარი შვილები მიჰყავს, მაგრამ 5 წუთში ისე ლაპარაკობს, რომ ეჭვი აღარ გეპარება ვის „ბალეშჩიკობს“ ის ამ ომში. „აი, ხომ ვამბობდით, არ ჰქონდა აზრი ამას, სჯობდა დანებებოდნენ თავიდან, ამხელა რუსეთია“ და ა.შ. ამაზე ოცნებობს ეს ხალხი და ამათი ნალაპარაკები როგორ უნდა დაიჯერო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა არასწორია, რადგან ახლა ამის დრო არ არის.

„არახამიას თუ სხვების მხრიდან, ვინც ხან მეორე ფრონტს ითხოვს, ხან ამბობს, რომ სანქციები უნდა დავუწესოთ ივანიშვილს - რეალისტები უნდა ვიყოთ, არასწორი დრო და არასწორი ვითარებაა ივანიშვილისთვის სანქციების მოსათხოვად. რადგან არახამიამ თქვა, ახლა საქართველოში ვინც უკმაყოფილოა ივანიშვილით, დღეს ამას ავყვეთ და ავწიოთ ეს თემა, ეს იქნება აბსოლუტურად არასწორი და კონტრპროდუქტიული მოქმედება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. დღეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების მოთხოვნა და სანქციებთან დაკავშირებით საუბრები ეს არის კონტრპროდუქტიული. თუ ვინმეს უნდა, რომ გააძლიეროს „ოცნება“, კი ბატონო, გააგრძელოს საუბარი რაღაც მეორე ფრონტზე ან ივანიშვილის სანქციებზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გადაცემაში გიგი უგულავასაც უპასუხა, რომელმაც იგი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებით მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

უსუფაშვილის თქმით, ის ამ ორ ძალას შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს, რადგან „ისინი უფრო სასტიკები იყვნენ, ესენი უფრო უუნაროები არიან“.

„აუფ, რაღა მეშველება, უგულავამ თუ გამაკრიტიკა. უგულავა ხელისუფლებაში რომ იყო, ბეისბოლის ბიტა ორივე ხელში ეჭირა და გვირტყამდა ფეხებში და თუ ეს არ ახსოვს გიგის, გაიხსენოს და შორს მხედველ პოლიტიკოსთა შორის თუ თავისი თავი მიაჩნია, კი ბატონო, ეგეც ასე იყოს. დიახ, ეს ასეა, ორივე ხელისუფლება ბეისბოლის ჯოხით რომ დასდევდა ოპოზიციას, იმიტომაა ვითარება ასეთ მდგომარეობაში. სად ნახა ტოლობის ნიშანი? თუ აინტერესებს, ვეტყვი, რომ ისინი უფრო სასტიკები იყვნენ, ესენი უფრო უუნაროები არიან. ახლა დავიწყო და ვზომო ესენი? არცერთი არ ვარგოდა, მომავალი სხვა უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ამას უნდა შეეგუოს ბატონი კობახიძეც და ბატონი უგულავაც, რომელიც ხან ტოვებს იმ პარტიას და ხან მთავარი გულშემატკივარია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა