ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს, რომ „ვითომ მეგობარში“ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას გულისხმობდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ფრთას - ადგილობრივს და იქაურს საქართველოში მეორე ფრონტი უნდა“

უკრაინაში ომი რუსეთის ფედერაციამ დაიწყო. საქართველოში რომ ყოფილიყო იმ ტიპის მთავრობა, რა ტიპის მთავრობასაც უკრაინაში არესტოვიჩი და არახამია გვირჩევს, აქ ის მთავრობა ომს დაიწყებდა და ეს ომი საქართველოსთვის მარიუპოლი იქნებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ქადაგიშვილმა განმარტება გააკეთა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ რომ არა, ქვეყანაში მეორე მარიუპოლს მივიღებდით“, აღნიშნულ კონტექსტში კი უპასუხა კითხვას, ხელისუფლების წარმომადგენლების ამ განცხადების ქვეტექსტი არის თუ არა ის, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება დამოკიდებული იყო ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლებაზე.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხის ინტერპრეტირებას ის ადამიანები ცდილობენ, ვისაც სურს, უკრაინის ომი ვიწროპოლიტიკური გეგმების განხორციელებისთვის გამოიყენონ.

„მარტივი ლოგიკა არის აქ ჩადებული - ამ თემის ინტერპრეტაციას აკეთებს ის, ვისაც უნდა უკრაინის ომი, უკრაინელი ხალხის ბრძოლა და მათი ტრაგედია აქ თავისი ვიწრო, მავნე პოლიტიკური გეგმების განხორციელებისთვის გამოიყენოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პრემიერის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „იმედები გაუწბილა ყველა ვითომ მეგობარს, რომელსაც საქართველოში ომი სურდა“. კითხვას, ხომ არ იგულისხმება ”ვითომ მეგობარში უკრაინა, რადგან პრემიერის განცხადება ამ შთაბეჭდილებას ტოვებს, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა: „შთაბეჭდილება აღარ მრჩება, უფრო კონკრეტიკას ვხედავ. უკრაინიდან უმაღლესი პოლიტიკური პირები გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ მარტო უკრაინელი ქალები, ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ და ამ დროს საქართველო რას აკეთებს ანუ, სისხლში შეხიდებისკენ მოწოდება იყო. მერე მოწოდება, რომ ომი დაიწყეთ... ჭკუა დაგვარიგეს, რომ მეორე ფრონტის გახსნა შეგიძლიათ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გამოიყენოთო ანუ შედით იარაღით ცხინვალში, აფხაზეთში და ასე შემდეგო. იქვე ინსტრუქცია მოჰყვა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს რეალური გახდეს. ეს მთავრობა ომის მთავრობა არ არის. იქვე განგვიმარტეს, რომ ამის გამკეთებელი არის მიშა სააკაშვილი. პრეზიდენტი, რომელიც იომებს. ეს არის პროვოცირება, რომ საქართველო ომში ჩაებას, იყოს მეორე ფრონტი, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის საბოლოოდ დასამარება იქნება. მთელი ჩრდილოეთ კავკასია საქართველოს მტრად იქნება მომართული. ამ ყველაფერს ხომ ჩვენ კარგად ვხედავთ, ისინი შეიძლება ვერ ხედავენ, ან ხედავენ და მიზანმიმართულ პროვოკაციას ახორციელებენ “, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, არსებული რიტორიკით ფრონტის მეორე ხაზს ხომ არ უხსნის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკრაინას, დეპუტატმა განმარტა: „ჩვენ კი არ ვუხსნით მეორე ფრონტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ფრთას, ადგილობრივს და იქაურს საქართველოში მეორე ფრონტი უნდა“.

„თორემ ჩვენი პოლიტიკური ნება სახელმწიფოს, მთავრობის და ერის, ყველგან დავაფიქსირეთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ომის მეორე ფრონტის გასახსნელად დაბრუნდა, მისი შეფასებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა გაკოტრებული და გაშიფრულია.

„როცა სააკაშვილი კონტრაბანდისტულად შემოიპარა ქვეყანაში, რა მიზანი ჰქონდა? რა ლეგიტიმური, კონსტიტუციური მიზანი ჰქონდა? არანაირი. ეს იყო დივერსიული შემოსვლა ქვეყანაში. ჩვენ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს კონსტიტუცია, დემოკრატიული ინსტიტუციები და ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკის განხორციელების საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს. მისი ეს ნაბიჯი იყო პროვოკაციის, რევოლუციის მცდელობა. მისი პირველი მიზანი იყო არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების რეალიზაცია. ეს მიზანი ჩაეფუშა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც მან განმარტა, „როდესაც არესტოვიჩი და არახამია გვეუბნებიან, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ე.წ. მეორე ფრონტი უკვე გახსნილი იქნებოდა, ეს იმ ჩაფუშული გეგმის ლუსტრაციაა“.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას იღებს.

„პასუხისმგებლობა გაცნობიერებული გვაქვს. ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ატარებს. სხვათა შორის, კარგი იქნებოდა, სახალხო დამცველს ერთხელ მაინც მოეწოდებინა პატიმარ სააკაშვილისთვის, რომ ცილები მიიღოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო