ირაკლი ჩიქოვანი ევროპის საბჭოს ასამბლეაზე - ანექსია, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპაცია ქართველი ხალხისთვის მიუღებელია

მოგიწოდებთ, დღევანდელ სხდომაზე განსახილველი დოკუმენტებიდან, განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატოთ იმ საკითხების მიმართ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ეხება, და რომლებიც ცალსახად ამბობს, რომ ანექსია, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპაცია ქართველი ხალხისთვის მიუღებელია, - ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე კოლეგებს, სადაც საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში განიხილეს და შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს.

„ჩვენს კოლეგებს, სიღრმისეულად და კარგად აქვთ გააზრებული საქართველოში არსებული სიტუაცია. ისინი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ საკითხებს, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით მათ თანადგომას, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეს ესაჭიროებოდა, მათ შორის დემოკრატიის განვითარების კუთხით", - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ასამბლეის სხდომაზე.

მისი თქმით, მოხსენება მოიცავს მრავალი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. „ცალსახაა, რომ აღნიშნულ დონეზე არ უნდა გავჩერდეთ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ განვითარება და ეს ასეც იქნება. როგორც ეს მოხსენებაშია წარმოდგენილი, საქართველოს ახალმა კონსტიტუციამ შექმნა მყარი ნიადაგი ჩვენი ქვეყნის ევროპული სტილის სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოში გატარებული სასამართლო სისტემის ოთხეტაპიანი რეფორმის შეფასების ერთგვარი საჭიროება დგას.

„ამ კუთხით „ქართულმა ოცნებამ", მმართველმა პარტიამ, უკვე დააინიცირა განხილვის პროცესი, რომლის ფარგლებშიც თითოეულ პარტიას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება. ამასთან, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გააკეთონ შეფასებები", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სიძულვილის ენა და პოლარიზაცია კვლავაც რჩება გამოწვევებად.

„რა თქმა უნდა, სიძულვილის ენა და პოლარიზაცია კვლავაც რჩება გამოწვევებად. მეც და ჩემი კოლეგებიც, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, თავად გავხდით სიძულვილის ენის სამიზნეები, ეს კი სერიოზული პრობლემაა. ამიტომაც, მჯერა, რომ ამ საკითხების გადასაწყვეტად ერთად მუშაობა გვმართებს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ერთადერთი პარტია, რომელმაც საქართველოში მიღწეული პროგრესი ვერ დაინახა, ეს „ევროპის სახალხო პარტიაა" (EPP).

„მესმის, თუ რატომ მოხდა ასე. ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ აღნიშნული პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიერ იყო წარმოდგენილი. არ მსურს პოლარიზაციის გაღვივება, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხი ერთგული რჩება საქართველოს ევროპული გზისა და დასახული რეფორმებისადმი”,- განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა