გია ხუხაშვილი - სააკაშვილი საფრთხეს რომც წარმოადგენდეს, ადამიანს ხომ არ მოკლავ ციხეში? რაც ახლა ხდება, უკვე სადიზმის ზღვარზეა მისული, გაუშვით რა, თავისი ჭია გაახაროს, იყვირებს იქიდან, რა მერე?

ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა ბევრ სხვა ქვეყანას ძალიან მწვავედ აკრიტიკებს და ძალიან მძიმე გამონათქვამები აქვს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას ყველა ითვალისწინებს, ეფერებიან, ეხმარებიან და არავის სიტყვა არ დასცდენია. ერთადერთი საქართველოს ხელისუფლებაა, რომელიც უკრაინის დროშას ამოფარებული ფაქტობრივად, საკუთარი პროპაგანდით რუსულ პროპაგანდისტულ ინტერესებზე მუშაობს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა სახიფათო ფაზაში გადავიდა და მათ შორის არსებული პრობლემები დიალოგის რეჟიმში უნდა წყდებოდეს და არა „დისტანციური ზღვარგადასული შეურაცხყოფებით“.

„ეს დებატები, დაპირისპირება სახიფათო ფაზაში გადავიდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა დღევანდელ სამყაროში არ არის ერთი ჩვეულებრივი ქვეყანა, ვისთანაც შეიძლება ასეთი ტიპის პოლიტიკური პოლემიკა აწარმოო. ეს არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის ტრენდს განსაზღვრავს. დღეს ფაქტობრივად, უკრაინის სიტყვას ბევრად უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის. აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილეა საჭირო, სანამ რაღაცას იტყვი. მითუმეტეს, ქვეყანა, როდესაც ომშია შეიძლება რაღაც მომენტში სიტყვაც გაექცეს, შეიძლება რაღაცას არასამართლიანად აკეთებდეს, მაგრამ ეს პრობლემები, რაც იბადება, დიალოგის ბაზაზე უნდა წყდებოდეს და არა ასე ვთქვათ, დისტანციური ზღვარგადასული შეურაცხყოფებით. რას არ აბრალებენ უკრაინის ხელისუფლებაში „ნაცები“ არიან, სააკაშვილის პარტიააო და ა.შ.

ერთადერთი ხელისუფლებაა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უკრაინის დროშას ამოფარებული ფაქტობრივად, საკუთარი პროპაგანდით რუსულ პროპაგანდისტულ ინტერესებზე მუშაობს. მე ვფიქრობ, რომ ამას თუ აკეთებენ იმიტომ არ აკეთებენ, რომ პრორუსები არიან. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ არა გვყავს პრორუსული ხელისუფლება, ისევე როგორც პროდასავლური ხელისუფლება არ გვყავს. ჩვენ ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ერთადერთი ფასეულობა აქვს - ეს არის ძალაუფლება და მისი შენარჩუნება. შესაბამისად, ისინი ყველაფერს, ყველა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ თემებს ძალაუფლების პრიზმაში უყურებენ. ანუ, ისინი ფიქრობენ, რომ რაც არის ძალაუფლებისთვის სასარგებლო, ყველაფერი უნდა იკადრონ, ყველაფერი უნდა გააკეთონ,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მან ასევე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ის განცხადება შეაფასა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხება და აღნიშნა, რომ ამით კობახიძემ ფაქტობრივად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში დასავლეთი დაადანაშაულა.

„კობახიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილმა და მოკლედ, ვიღაცამ წინასწარ იცოდა, რომ ომი დაიწყებოდა. ომის რაღაც ეტაპზე აუცილებელი იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნა და სააკაშვილი საქართველოში იქნა მოვლენილი იმისათვის, რომ დესტაბილიზაცია გამოეწვია, ხელისუფლებაში მოსულიყო და როდესაც უკრაინაში ომი დაიწყებოდა აქ მეორე ფრონტი გაეხსნა, ასე თქვა. მოდით ახლა ვთქვათ, ვინ გეგმავდა ამ ყველაფერს? დასავლეთი ხომ? სხვა სუბიექტი ხომ არ არსებობს. ანუ, ფაქტობრივად გუშინ, კობახიძემ დასავლეთს ბრალი დასდო იმაში, რომ მათ ომი დაიწეს. რუსეთმა კი არ დაიწყო ომი, დასავლეთმა დაიწყო ომი და წინასწარ განზრახვული ჰქონდათ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, სააკაშვილის მოყვანა იმისათვის, რომ საქართველო ამ ომში ჩაბმულიყო. ეს თქვა გუშინ კობახიძემ,“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

რაც შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხის, გია ხუხაშვილის განცხადებით, სააკაშვილს საზღვარგარეთ შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

მისივე თქმით, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილი საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

„ეს საკითხი არის ჰუმანიტარული საკითხი, ეს საკითხი არის პოლიტიკის მიღმა. პოლიტიკა უნდა დავივიწყოთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს, მე აღარ მგონია რომ სააკაშვილი შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით საფრთხე იყოს. საფრთხეს რომც წარმოადგენდეს, ადამიანს ხომ არ მოკლავ ციხეში? ეს, რაც ახლა ხდება უკვე სადიზმის ზღვარზეა მისული. შესაბამისად, გაუშვით რა. თავისი ჭია გაახაროს, იყოს ხომ? იყვირებს იქიდან, რა მერე?“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა