ირაკლი ქადაგიშვილი - ის, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, მეორეხარისხოვანი ხდება, როცა ერთი მხარის სურვილია ჩვენი ქვეყანა მეორე ფრონტის ადგილი გახდეს

ის, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არის მეგობრობა და საქართველო უკრაინას უჭერს მხარს, მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც ერთი მხარის სურვილია საქართველო საბრძოლო მოქმედებებისა და მეორე ფრონტის ადგილი გახდეს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

სწორედ ამ კონტექსტში ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო უკრაინის ხელისუფლებიდან დავით არახამია, ალექსანდ არესტოვიჩი და სხვები, ერთი პოლიტიკური შინაარსის მატარებელი არიან. ქადაგიშვილის შეფასებით, საქმე გვაქვს რეალპოლიტიკასთან, როცა უკრაინელი პოლიტიკოსების მიზანია, რამენაირად რუსეთის მიერ წარმოებულ ომს სხვა ფრონტიც ჰქონდეს, რათა როგორც თავად თვლიან, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და შემსუბუქდეს.

“მათ “ნაციონალური მოძრაობა“ აძლევდა იმედს, რომ საქართველოში სიტუაციის იმდაგვარად მართვას მოახერხებდნენ, რომ მეორე ფრონტი საქართველოში გაიხსნებოდა. როგორც ჩანს, მათ ეს პოლიტიკური ხაზი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ დამუშავებული.

გააფთრებული ბრძოლების დროსაც კი, როდესაც სამწუხაროდ, კიევიც კი იბომბება, უკრაინის პოლიტიკური პირები დაკავებული არიან იმით, რომ ზუსტად ერთი და იგივე მესიჯბოქსით, ერთსა და იმავე დროს, ომისა და ღალატის პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ისაუბრონ.

საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანაზიარ პოზიციაზე დგას - ცალსახად და კატეგორიულად ვგმობთ ამ აგრესიას, მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ვითხოვთ ომის შეწყვეტას, შეერთებული ვართ ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სანქციები და მათზე მონიტორინგი საქართველოს მხრიდან მკაფიოდ და მკაცრად მიმდინარეობს - ერთადერთი, რასაც ვამბობთ არის ის, რომ არ გვინდა ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები წარიმართოს. სწორედ ამას უკავშირდება მათი შემოტევა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია - ჩვენს ეროვნულ ინტერესებში საქართველოს ახალი საომარი მოქმედებების გახსნა არ შედის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რა ახსნას უძებნის “ქართული ოცნების“ ხელისუფლება მათი მისამართით მოსკოვში გაკეთებულ დადებით შეფასებებს - იგივე, კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება საოცრად ადეკვატურად იქცევა და მათი რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ოდკბ-ს წევრი ქვეყნების, ქადაგიშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილია.

ქადაგიშვილის თქმით, “მარგარიტა სიმონიანია და სხვები კიდევ უფრო მძიმე განცხადებებს გააკეთებენ, მაგრამ ამან ქვეყანა განვითარების ხაზიდან არ უნდა ამოაგდოს“.

“ომი მარტო დონეცკისთვის არ არის. მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ომი. ამ ომში ჩართულ ყველა მხარეს თავისი ინტერესები აქვს. ინტერესი, რომ საქართველო ომში ჩაერთოს მრავალვექტორიანია. ჩვენ ვხედავთ უკრაინელ პოლიტიკოსთა პირდაპირ გამოხატულ ინტერესს - ხანდახან უხეშად ვერბალურად გამოხატულ პოზიციას. რა თქმა უნდა, რუსეთი დაინტერესებულია საქართველო მაქსიმალურად მოწყვლად მდგომარეობაში იყოს. თუ რუსეთს დღეს საქართველოში პირდაპირი აგრესიის განვითარებისთვის არ სცალია, ყველა განცხადებას გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ სულ მცირე ქვეყნის შიგნით სტაბილური ვითარება არ შეინარჩუნოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო