უკრაინის არაერთმა თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ აქაური ომის პარტიის მიზანი მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებებიც - მიხედონ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსი არესტოვიჩის განცხადებას.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას გააგრძელებს.
"იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების მიმართ, თუმცა, ამას ადეკვატური პასუხი ექნება, რაც არის ის, რომ საქართველოს საზოგადოება მოუწოდებს ამ თანამდებობის პირებს, მიხედონ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით. ეს შეურაცხმყოფელი განცხადებები არამხოლოდ მეორე ფრონტის გახსნისთვის არის, არამედ იმისთვისაც, რომ მოხდეს საქართველოს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მაინც და ამ მიმართულებით მაინც ჩაითრიონ საქართველო არეულობაში და აკეთებენ გამაღიზიანებელ განცხადებებს. ჩვენ გაცილებით ჭკვიანები ვართ, რომ არ ავყვეთ მათ განცხადებებს და გავაგრძელებთ ეტაპობრივად პრაგმატულ, თანმიმდევრულ პოლიტიკას,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, ალექსი არსეტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებსა და ქმედებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. „მოდით, ბაჭიებო, გეტყვით შემდეგ რამეს – საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ქართველი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო. უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში არანაირად მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის განცხადებებით. თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი სახელმწიფო, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეფასებას მისცემს ქართველი ხალხი არჩევნებზე. ეს არის ჩემი ცეცხლოვანი სალამი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.