პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს, რომელიც ომბუდსმენს მოკლე ვადაში მიეწოდება“

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს უწევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

„მას შესახლების დღიდან არაერთხელ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და მიეწოდა სათანადო მკურნალობა, როგორც N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს. მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, იგი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა.

„მას აქვს ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება, რასაც არ იყენებს, საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც 28 აპრილს პენიტენციურ სამსახურს მიაწოდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის დანართი, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, არ არის საჯარო. დოკუმენტი მოიცავს მსჯავრდებულის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტების შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. არგუმენტირებული პასუხის მიღების, გაანალიზებისა და პოზიციების დაზუსტების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საჭიროების გათვალისწინებით და მსჯავრდებულის ინტერესების შეუფერხებლად დაცვის მიზნით, მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს, რომელიც ომბუდსმენს მოკლე ვადაში მიეწოდება“

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო