არცერთი ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან მისი რომელიმე ხელმძღვანელი პირის საქმიანობის ხარისხს დამოუკიდებლობის ჭრილში, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, შესაძლებელია იყოს იზოლირებული წუხილები დამოუკიდებლობის კომპონენტთან დაკავშირებით, რომელიმე კომისიასთან ან რომელიმე კომისიის წევრთან მიმართებაში, თუმცა, ტექნოლოგიური საშუალებების ინტერვენცია საარჩევნო პროცესებში არის ერთ-ერთი გარანტი, რომელიც ასეთ შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს.
„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვა ტიპის შემთხვევები, არ განეკუთვნება საარჩევნო ადმინისტრაციის პირდაპირ კომპეტენციას. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაცია პროაქტიულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რათა საჯარო მოხელეების ცნობიერების დონე ამაღლდეს. რაც შეეხება მცირე ხარვეზებს, რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო იზოლირებულ შემთხვევებში, მაგრამ ამ ყველაფერს არ ჰქონია არანაირი გავლენა არჩევნების შედეგებზე და საარჩევნო პროცესზე. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ისევე, როგორც 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი მენეჯმენტის და კომპოზიციის პირობებში ჩაატარა მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მაღალპროფესიულ დონზე, რაც ასევე ხაზგასმულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წინასწარ თუ საბოლოო დასკვნებში. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა შესაძლო, თუნდაც მინიმალური ხარვეზი აღმოიფხვრას პროცესისგან, რა მიზნითაც ჩვენ არაერთ საარჩევნო რეფორმას ვახორციელებთ. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან მისი რომელიმე ხელმძღვანელი პირის საქმიანობის ხარისხს დამოუკიდებლობის ჭრილში. შესაძლებელია იყოს იზოლირებული წუხილები დამოუკიდებლობის კომპონენტთან დაკავშირებით რომელიმე კომისიასთან ან რომელიმე კომისიის წევრთან მიმართებაში, თუმცა, ტექნოლოგიური საშუალებების ინტერვენცია საარჩევნო პროცესებში არის ერთ-ერთი გარანტი და მექანიზმი, რომელიც ასეთ შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
შეახსენებთ, 28 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა რეზოლუციას „საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების და დაპირებების შესრულება“. დოკუმენტს ასამბლეის 55-მა წევრმა დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა ერთმა, წინააღმდეგი კი არავინ წასულა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ. ამიტომ, იგი მიესალმება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ასეთი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა დაინერგება. ასამბლეა შეშფოთებულია იმით, რომ ბოლო არჩევნები იყო პოლიტიკური დაძაბულობისა და არასტაბილურობის წყარო. არჩევნების ჩატარება საზოგადოების დემოკრატიული კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და ამიტომ, ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საარჩევნო პროცესში განმეორებადი ხარვეზების გამო.
„განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ცნობები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მათ შორის სახელმწიფო თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ; ნეგატიური და კონფრონტაციული კამპანიის გამოყენება, სიძულვილის ენით ზღვარს გადასვლა; განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცნობები საარჩევნო კამპანიის დროს ძალადობრივი ინციდენტების შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამიტომ ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: სრულყოფილად გამოიძიოს ძალადობის, ამომრჩევლებზე ზეწოლის, ისევე როგორც სხვა საარჩევნო დარღვევების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია; გადახედოს პარტიებისა და კამპანიების დაფინანსების საკანონმდებლო ბაზას კორუფციის საწინააღმდეგო სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციებისა და სტანდარტების შესაბამისად; გააგრძელოს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით; შეასრულოს და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ მის დასკვნებშია წარმოდგენილი, ისევე როგორც ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინა არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილი რეკომენდაციები. რეზოლუციის ავტორები არიან თანამომხსენებლები : ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი.