ირაკლი ღარიბაშვილი - აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობისა და მის მიმდებარედ ტექნოპარკი შეიქმნას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მთავრობა ტექნოპარკის გაკეთებას გეგმავს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებები უცხოურ კომპანიებთან მიმდინარებს.

“განვიხილავ აქტიურად, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობის და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რომელიც მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს, რომ დასაქმდნენ. ამას მინდა მივაბა IT სპეციალობის კურსები, გადავამზადოთ ათასობით ადამიანი. ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის გაკეთებას. არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, მათ შორის ებრაული კომპანიებისგან და ევროპული ტრანსნაციონალური კომპანიებისგანაც, რომ [ქუთაისში, პარლამენტის შენობაში] შეიძლება მანდ გაკეთდეს უნიკალური, რეგიონში თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, როგორიც არის სოლიკონ ველი ამერიკაში. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს ამ კომპანიებთან, გამოკვეთილია მსხვილი ჯგუფები, მაგრამ გვინდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, არა მხოლოდ ჩამოსულები დავასაქმოთ, არამედ ადგილობრივები გადავამზადოთ და დავასაქმოთ. IT სპეციალობა მოთხოვნადი პროფესიაა, კარგი IT სპეციალისტის შემოსავალი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია ისინი არა მხოლოდ ქართულ, უცხოურ კომპანიებსაც მოემსახურებიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა განათლებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი საშუალო განათლების მიცემა უნდა იყოს.

„მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ბოლო 30 წელია მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა, ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას. მათ შორის, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, მოღალატე, გამყიდველი პოლიტიკოსები, რომლებმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, დღესაც მავნებლობენ. ჩვენი ხელით დავშალეთ ყველა სისტემა, ქარხნები, წარმოება, ინდუსტრია. ყველაფერი ჩვენ მოვსპეთ. მათ შორის, განათლების სისტემა, რომელსაც აქტიური მუშაობა სჭირდება. განათლების მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს. პირველი ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი საშუალო განათლების მიცემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. უკვე დავიწყეთ 800 სკოლის რეაბილიტაცია, ამას ემატება ის, რომ ვმუშაობთ განათლების ხარისხის ამაღლებაზე, გაძლიერებაზე, პედაგოგების დონის ამაღლებაზე, მათ პროფესიონალიზმზე. ამას დრო სჭირდება, მაგრამ ამ მიმართულებით მივდივართ.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ქუთაისში კლასიკური მაგალითია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით უნიკალური უნივერსიტეტი შეიქმნა. რომ მეუბნებით ახალგაზრდები ვერ სწავლობენო, ქუთაისის უნივერსიტეტი არის ძალიან მაგარი უნივერსიტეტი და ყველას შეუძლია ისწავლოს, ვისაც უნარები და ამის სურვილი აქვს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში აქტიურად შემოედინებიან IT სპეციალისტები, ექსპერტები და ამ კომპანიაში დასაქმებული უამრავი ადამიანი საქართველოდან ემსახურებიან გლობალურ კომპანიებს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო